ვის მიჰყიდა ოთარ კობერიძემ სააკაშვილის მიერ 1 ლარად ნაჩუქარი შენობა 170 ათას დოლარად?

ოთარ კობერიძეს მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში 1 ლარად ქონება გადასცა, რომელიც მსახიობმა 170 ათას დოლარად გაასხვისა – ამის შესახებ საქართველოს თეატრალური საზოგადოების აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი ნოდარ იაკობიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრობს.
ნოდარ იაკობიძის ინფორმაციით, ოთარ კობერიძეს ბათუმში, რუსთაველის ქუჩის 10 ნომერში, 170 კვ.მ. ფართობის შენობა – ნაგებობა მიხეილ სააკაშვილმა 1 ლარად გადასცა.
„ეს მოხდა 2008 წლის ბოლოს, ან 2009 წლის თებერვალში, ოთარ კობერიძემ საქმე ჩააწყო, შენობა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა ისე, რომ ჩვენ არაფერი ვიცოდით და მიხეილ სააკაშვილმა ოთარ კობერიძეს 1 ლარად გადასცა ეს ოფისი. ვინ არ შევაწუხე, პრეზიდენტის იურიდიულ სამსახურში არაერთგზის დავრეკე, მაგრამ ვერაფერს გავხდი. 2009 წელს, ბათუმის დრამატულ თეატრში ლევან ვარშალომიძე მოვიდა და დაგვპირდა, რომ ალტერნატიულ ფართს მოგვცემდა, მაგრამ იმანაც მოგვატყუა“, – აცხადებს ნოდარ იაკობიძე.
მისი თქმით, ამის შემდეგ ოთარ კობერიძემ შენობა 170 ათას დოლარად კერძო პირს მიჰყიდა. როგორც ნოდარ იაკობიძე აცხადებს, შენობა აჭარის თეატრალური საზოგადოების საკუთრება იყო და იქ წარმოდგენები იმართებოდა. მისი თქმით, თეატრალური საზოგადოების კუთვნილ შენობაში ჯერ კაფე იყო გახსნილი, ამჟამად კი მაღაზიაა განთავსებული.
„ფართის 1 ლარად გადაცემიდან დაახლოებით ერთ თვეში ოთარ კობერიძემ ჩვენი კუთვნილი ოფისი, როგორც ჩვენ ვიცით, 170 ათას დოლარად კერძო პირს მიჰყიდა. ხოლო იმ პირმა, ხელისუფლების შეცვლისთანავე, იურისტების რჩევით, კიდევ სხვაზე გაყიდა ფართი. თავიდან კაფე გახსენეს იმ ოფისში, ხოლო ახლა მაღაზიაა გახსნილი. არ მეგონა, თუ ოთარ კობერიძე ასე უსინდისოდ მოიქცეოდა. 2010 წელს, როცა ეს ფაქტი ტელევიზიით გავახმაურე, პოლიციაში დამიბარეს და დაკითხვა დამიწყეს“, – ამბობს ნოდარ იაკობიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები