მაია ცქიტიშვილი: იმედი მაქვს, რომ მეც შევიცვლები ოდესღაც და სულ არ ვიქნები ინფრასტრუქტურის მინისტრი

იმედი მაქვს, რომ მეც შევიცვლები ოდესღაც და სულ ინფრასტრუქტურის მინისტრი არ ვიქნები, – ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვას, რატომ შეიცვალა ექვსი მინისტრი ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

„ექვსი მინისტრი რატომ შეიცვალა, არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ მეც შევიცვლები ოდესღაც და სულ არ ვიქნები ინფრასტრუქტურის მინისტრი. მიუხედავად იმისა, რომ ქალი ვარ, მაინც ძალიან მომწონს სამშენებლო სექტორი და ვფიქრობ, რომ ბევრი ვიცი ამ სექტორში, ბევრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ მე ექვსი წლის განმავლობაში სურვილი არ მექნებოდა ამ პოზიციაზე დარჩენის და ალბათ ოდესღაც დასვენებასაც დავიმსახურებ. იმედი მაქვს, იმის გამო აღარ ვიქნები მინისტრი, რომ დასვენებას მე თავად მოვინდომებ და არა გარე პოლიტიკური თუ საგამოძიებო ორგანოები. მე ვფიქრობ, ჯერ არც ერთი მემუქრება და არც მეორე“, – განაცხდა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, რომან გოცირიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრს ჰკითხა, „რატომ გადაიქცა საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად“.

„მიმდინარე წლის ბიუჯეტს თუ დავუმატებთ დაახლოებით გამოდის 9 მილიარდ ლარამდე ინფრასტრუქტურის მიერ გაწეული თუ გასაწევი ხარჯი. ეს არის იმაზე გაცილებით მეტი ვიდრე დაიხარჯა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობის მიერ, მათ შორის იმ 9-წლიანი მთავრობის მიერ. რაიმე ჩანს გაკეთებული? გარდა იმისა, რაც მართლაც გაკეთდა იმ 9 წელიწადში“, – მიმართა რომან გოცირიძემ მაია ცქიტიშვილს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თბილისში ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ რადგან ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძირითადად რეგიონებში ახორციელებს 9 მილიარდის პროექტებს, ყველაფერი ჩანს იმ რეგიონებში, სადაც კეთდება.

„არ ვხსნით ამ პროექტებს, იმიტომ რომ სოფლის გზის გახსნა ჩემთვის უხერხულია და პიარი არა, პროპაგანდა აკლია ნამდვილად და დანახვის სურვილიც. ვეთანხმები ჩემს კოლეგებს, დანახვის სურვილი როცა აქვს ადამიანს, დაინახავს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, რომლებიც ამ გზებით გადაადგილდებიან, რომლებიც ამ ონკანში მოშვებულ წყალს დალევენ, განსაკუთრებით იქ სადაც ნამდვილად ათეულობით წლების განმავლობაში წყალი არ იყო, ისინი ამ პროექტებს დაინახავენ. იმედია ოდესღაც თქვენც დაინახავთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები