ემანუელ მაკრონი: ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში ახალ ფურცელს ვშლით

„ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში ახალ ფურცელს ვშლით და ხელი დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის შექმნას ეწერება, ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება შეეწირა საფრანგეთს, თავი გაწირა ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა პრესკონფერენციის დაწყებისას სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. მისივე შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანია ძალიან რთული იყო.
„ვიცი, რომ საკმაოდ რთული იყო წინასაარჩევნო კამპანია, მაგრამ თქვენ შესანიშნავად გაართვით თავი, არ შეგიცვლიათ თქვენი პოზიციები, ბრძანდებით ერთგული თქვენი ქვეყნის და გამოძრავებთ ევროპული ღირებულებები, რაც თანმდევია თქვენს კარიერაში. გქონდათ არაჩვეულებრივი, წარმატებული დიპლომატიური კარიერა საფრანგეთში, რომელიც ბევრს მეტყველებს იმ მეგობრობაზე, იმ დამოკიდებულებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით გაქვთ და რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის.
საქართველო მადლიერია იმისათვის, რომ თავისი შვილები მიიღო საფრანგეთმა თქვენი და თქვენი ოჯახის სახით და შემდგომში თქვენ ემსახურებოდით ამ ქვეყანას. საფრანგეთს ყოველთვის იცავდით, პატივს სცემდით.
მადლობა, რომ პირველი ქვეყანა, რომელიც აირჩიეთ ვიზიტისთვის, ეს არის საფრანგეთი, ეს არის პარიზი. ამისთვის მადლიერი ვართ. გვსურს, იცოდეთ, რომ ყოველთვის თქვენს გვერდით ვართ, ისევე როგორც ვიყავით 2008 წელს.
ყოველთვის ვართ დიალოგის, დიპლომატიის მომხრე. ვიცით, რომ ეს არის თქვენი ცხოვრებისეული ბრძოლა. ჩვენის მხრივ, ეს არის ჩვენი ვალდებულება, როგორც პარტნიორი ქვეყნის“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალ გეგმებზე ისაუბრა და ყურადღება კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილა.
„დღესდღეობით, ახალ ფურცელს ვშლით ჩვენი ურთიერთობის ისტორიაში და ეწერება ხელი დიმიტრი ამილახვრის სახელობის დიალოგის შექმნას, ჩვენ ვიცით, რომ 1942 წელს ეს პიროვნება შეეწირა საფრანგეთს, თავი გასწირა ჩვენი ქვეყნისთვის და ეს დიალოგი საშუალებას მოგვცემს, რომ განვახორციელოთ მრავალი კონკრეტული პროექტი მრავალ საკითხში.
ჩვენ, ორივე ვიზიარებთ, რომ პრიორიტეტული არის განათლება და ეს ურთიერთობები განათლების გზით ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის არსებობით გამოიხატება, ასევე ვთვლით, რომ სხვა პროექტებიც იქნება ქართველი ახალგაზრდობის სასარგებლოდ და ამ ყველაფერს ადგილი ექნება აღმოსავლეთ ქვეყნებთან პარტნიორობის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს გარკვეული კულტურული პროექტები, ამ კუთხით ვითანამშრომლებთ, ეს იქნება ლიტერატურის სფეროში, ხელოვნების სფეროში, რომელზეც ჩვენ ახლახან ვისაუბრეთ.
რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას და კონტაქტებს, ჩვენ საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მეშვეობით გვსურს, მრავალმნიშვნელოვან პროექტს ჩაეყაროს საფუძველი და განხორციელდეს საქართველოში. ეს იქნება მაგალითად ინფრასტრუქტურული საკითხები, თუ სხვა საკითხები. გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ აუცილებელია თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, კიბერუსაფრთხოების სფეროში. მთავარია, რომ ეს თანამშრომლობა და კონტაქტები წარმატებით დავიწყეთ, მის განსახორციელებლად დრო დაგვჭირდება, ასევე უნდა ვიმუშაოთ სტრატეგიული თანამშრომლობის განსავითარებლად, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია და ჩვენ ვიცით, რომ უნდა ვიმუშაოთ სამხედრო თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო ქართველ სამხედროებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან სამხრეთ აფრიკაში. კიბერუსაფრთხოების კუთხით გეგმებს დავსახავთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.
ცნობისათვის, „დიმიტრი ამილახვრის სახელობის ფრანგულ-ქართული დიალოგის“ დაფუძნების შესახებ დეკლარაცია სხვადასხვა სფეროში, მათ შორის თავდაცვით საკითხებში, თანამშრომლობას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები