ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს: ცალკეული მოსამართლეებისა და გარკვეული ჯგუფის მიმართ შენი ზრუნვა დავინახე, მაგრამ ვერ დავინახე ზრუნვა სამართლიანობაზე

იმ ცალკეული მოსამართლეებისა და გარკვეული ჯგუფის მიმართ პირადად შენი ზრუნვა დავინახე, მაგრამ ვერ დავინახე ზრუნვა სამართლიანობაზე, როგორც თავისთავად ღირებულებაზე, რომელიც უნდა ემსახურებოდეს მოქალაქის უფლებას, მის კონსტიტუციურ გარანტიას, – ასე მიმართა დეპუტატმა ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს კომიტეტის სხდომაზე მის მიერ დასმული კითხვების საპასუხოდ.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას სამი კითხვით მიმართა, რომელთაგან ერთ-ერთი იმ მოსამართლეებს ეხებოდა, რომლებიც უვადოდ დანიშვნას ელოდებიან.

„რამდენად სამართლიანია, იმ მოსამართლის უვადოდ დანიშვნის მოლოდინი შევაჩეროთ, რომელიც არის კეთილსინდისიერი და პროფესიონალი, რომელმაც გამოსაცდელი ვადა ჩააბარა, დანიშვნას ელოდება და ამის გამო გადადო სამსახური, მაღალი ანაზღაურება. ასეთ ადამიანებს თქვენც იცნობთ, რომლებიც არიან ახლები და კონსტიტუციური მოლოდინი აქვთ, რომ უნდა დაინიშნონ. რამდენად სამართლიანია ის, რომ ამ ადამიანებს ვუთხრათ, უფლება არ აქვთ, უვადოდ მოსამართლეებად განწესდნენ?“, – მიმართა კითხვით ბესელიას ოხანაშვილმა.

თავის მხრივ, ანრი ოხანაშვილს ეკა ბესელია გამოეხმაურა.

„კითხვებს ერთი სახელი ჰქვია. სამართლიანობა, ადამიანის უფლებები, კონსტიტუციური და ევროპული სტანდარტები, სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი განხილვის უფლება, ეს ყველაფერი ერთად რომ გადათარგმნო, ზრუნვაა, რაც ცუდი არ არის, მაგრამ კონკრეტული პირებისა და სასამართლოში დასაქმებული ადამიანების მიმართ. ადამიანს უფლება აქვს, მოსამართლეთა ერთ ჯგუფზე იზრუნოს, რომელზეც შეიძლება დარდობდეს და ფიქრობდეს, რომ რა მოხდება, თუ სამსახურის გარეშე დარჩებიან, ხომ არ დაიქცევა ქვეყანა და კონსტიტუცია დაირღვევა, თუ ლოდინი მოუწევთ. მერე რა მოხდა, თუ მოქალაქეებს საქმის სამართლიან და გონივრულ ვადაში განხილვა უნდათ? მთავარია, ისინი არ ანერვიულდნენ, ვინც შეიძლება მოლოდინის რეჟიმში დროებით აღმოჩნდეს. ამ პროცესში მოქალაქე გვავიწყდება, რომელსაც კონსტიტუციაში ჩავუწერეთ, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება აქვს, დროულად განხილვის, მაგრამ ეს უფლება ყველას ერღვევა. საბოლოო ჯამში, კვაზი მოდელი მივიღეთ, რომელსაც ხელში სერიოზული იარაღი უჭირავს, რომლითაც ამბობს, რომ მოქალაქეებო, ჩვენი თავი უვადოდ უნდა გერგოთ.

იმ მოქალაქეების ბედი მაწუხებს, ვისაც საქმის განხილვის უფლება დავურღვიეთ, რადგან ყველა საქმეზე განხილვის ვადები ირღვევა. იმ ორგანოს ნუ დავემსგავსებით, რომელსაც დაავიწყდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჰყავს. ამაზე მსჯელობის საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოს დავუტოვოთ, რადგან ეს მისი პრეროგატივაა. ვის მიაჩნია, საკითხი კონსტიტუციურად და ვის არა, ამაზე დღეს ვერ შევთანხმდებით“, – განაცხადა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები