მამუკა მდინარაძე: ზედმეტი კითხვები არ გავაჩინეთ და დაჩქარებულ წესს მხარი დავუჭირეთ

ზედმეტი კითხვები არ გავაჩინეთ და დაჩქარებულ წესს მხარი დავუჭირეთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, კანონპროექტის ავტორები რამდენად უპასუხებენ კონსტიტუციურობისა და მიზანშეწონილობის შესახებ კითხვებს, ამაზე მსჯელობა გაიმართება.
„სჯობს, ზედმეტი კითხვები არ გაჩნდეს და ვიღაცამ სპეკულაციურად არ გაიგოს, რომ დაჩქარებაზე მხარის არდაჭერაც კი რაღაცის ინდიკატორია. ზედმეტი კითხვები არ გავაჩინეთ და დაჩქარებულ წესს მხარი დავუჭირე. კანონპროექტის ავტორები რამდენად უპასუხებენ კონსტიტუციურობისა და მიზანშეწონილობის შესახებ კითხვებს, ამაზე მსჯელობა გვექნება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფი ითხოვს დაჩქარებული წესით განიხილოს მათი ინიციატივა, რომლის თანახმად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა 2024 წლის ბოლომდე უნდა შეაჩეროს.
კანონპროექტს ხელს აწერენ დეპუტატები: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები