გია ჟორჟოლიანი: გამოსაშვები გამოცდების გაუქმების წინააღმდეგი ვარ

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი საატესტატო გამოცდების გაუქმებას არ ეთანხმება. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამ გადაწყვეტილების მიმართ კრიტიკულად ვარ განწყობილი. ერთიანი საატესტატო სტანდარტის შექმნა და ამ სტანდარტის ყველა სკოლისათვის, ბავშვისთვის, მოქალაქისთვის დამკვიდრება აუცილებელია. თითქმის არ არსებობს არცერთი განვითარებული ქვეყანა, სადაც ატესტატის მიღების და გაცემის წესები არ არის სტანდარტიზებული, ერთიანი სტანდარტი არ არის ყველასთვის დამკვიდრებული. ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს გამოსაშვები გამოცდები და არ არის მისაღები გამოცდები, ანუ უნივერსიტეტები ითვალისწინებენ გამოსაშვები გამოცდების შედეგებს. ეს რატომაა – ჯერ ერთი, როცა ადამიანი საშუალო სკოლას ამთავრებს, ეს არ გულისხმობს იმას, რომ ის აუცილებლად გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში. მით უმეტეს, ჩვენს ეკონომიკაში დღეს ჩვენთვის მთავარია საშუალო დონის პროფესიული განათლების დამკვიდრება, თუ ჩვენ გვინდა ეკონომიკის წამოწევა და არ გვინდა ტყუილი ლაპარაკი, რომ ინოვაციებით უნდა გავუსწროთ სილიკონ ველის, ტექნოპარკები შევქმნათ და ა.შ. თუ გვინდა, ეკონომიკა რეალურად ამოქმედდეს, ჩვენი პრიორიტეტი არის ტექნიკური, საინჟინრო განათლება, მათ შორის პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეზე. ასე, რომ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეთ საშუალო სკოლის დამამთავრებელი ერთიანი შეფასება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
რაც შეეხება იმას, რომ ეს სკოლებმა გააკეთონ – მგონია, რომ ერთიანი სტანდარტი ყველასთვის უნდა არსებობდეს. თუ ამას სკოლებს გადავცემთ, არ გვაქვს გარანტია, რომ ყველა სკოლაში ერთნაირად ჩატარდება ეს. ჩვენ წინააღმდეგები ვართ გამოსაშვები გამოცდების გაუქმებისა. ამჯერად, რადგან ეს უკვე დეკლარირებული იყო, არა მგონია, რომ შესაძლებელი იყოს უკან დახევა ამ პოზიციიდან. ჩვენ შევალთ წინადადებით, რომ პარლამენტმა განახორციელოს ცვლილებები. პარლამენტმა უნდა მიიღოს ცვლილებები კანონში, ასეთი კანონპროექტი უკვე შემოტანილია. ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ კანონპროექტს და ცვლილებებს ერთ შემთხვევაში, თუ იქვე იქნება განსაზღვრული, რომ პარლამენტი ამას იღებს დროებით, გარდამავალი დებულების სახით, ხოლო პირველ ოქტომბრამდე შეიმუშავებს ატესტატების მიღების და გაცემის საერთო წესებს“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, ის, რომ პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება, პროფესიული განათლების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
„პროფესიული სასწავლებლები ჩვენი ეკონომიკისთვის პირველი პრიორიტეტია. მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო ნაკლებად პოპულარულ თემას, რომელიც არც მედიაში ჟღერდება და არც პოლიტიკოსები აქცევენ ყურადღებას. რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის მინისტრს სტრატეგიული ხედვის და 2019 წლის გეგმის პრეზენტაცია ჰქონდა. ეს არის სრულიად განსხვავებული მიდგომა, ვიდრე აქამდე ყოფილა დამოუკიდებელ საქართველოში. არავინ ამაზე ხმას არ იღებს, მათ შორის მედია. პირველი პრიორიტეტი მიზნებში ეკონომიკური ზრდა კი არ არის, რომელიც რაში გამოიხატება და ვისთვის არის, კარგად ვერ იგებენ ადამიანები, არამედ დასაქმება. მეორე პრიორიტეტი არის არა უბრალოდ ბიზნესის ხელშეწყობა, არამედ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოების წახალისება. მესამე პრიორიტეტი არის არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც ძირითადად მიწების, უძრავი ქონების შეძენაში გამოიხატებოდა, არამედ ტექნოლოგიებზე ორიენტირებული უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. ეს აბსოლუტურად სხვა მიდგომაა, ეს მოითხოვს დარგების გამოყოფას და ეს დარგები გამოყოფილია. ესაა პირველ რიგში სოფლის მეურნეობა და კვების მრეწველობა, ასევე ამავე ტიპის შედარებით არართული დარგები. ასეთი გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რომ სადღაც 40 – 50 ათასი ადამიანი გადამზადდეს, ან დაასრულოს პროფესიული სწავლება. პროფესიული განათლების მხარდაჭერის ეს განწყობა მისასალმებელია“, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები