ჰეზერ ნაუერტმა გაეროში აშშ-ის ახალი ელჩის პოზიციაზე უარი განაცხადა
ABC-ის და Fox News-ის ყოფილმა ტელეწამყვანმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჰეზერ ნაუერტმა გაეროში აშშ-ის ახალი ელჩის პოზიციაზე უარი განაცხადა. როგორც უცხოური მედია იუწყება, თანამდებობაზე ის დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ ოქტომბერში შეარჩია.
„ჩემი ოჯახისთვის უკანასკნელი 2 თვე რთული იყო და სწორედ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება, რომ მოვხსნა კანდიდატურა“, – ნათქვამია ნაუერტის განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა. იგი იმედოვნებს, რომ „თეთრი სახლის“ ლიდერი ელჩის პოზიციაზე ახალ კანდიდატურას წარადგენს.
დარჩება თუ არა ჰეზერ ნაუერტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, ამ ეტაპზე, უცნობია. გაზეთი New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრესმდივანს ძიძასთან დაკავშორებული პრობლემა აქვს, რომელსაც ამერიკის ვიზა არ გააჩნია და ამ ინფორმაციას მალავდა. თუმცა, განსხვავებული ვერსია აქვს Washington Post-ს. გამოცემის ცნობით, ძიძას ვიზასთან დაკავშირებული პრობლემა არ ჰქონია.
გაეროში აშშ-ის ახალი ელჩის პოზიცია მას შემდეგ არის ვაკანტური, რაც შარშან, ნიკი ჰეილიმ, ჯერ კიდევ ოქტომბერში განაცხადა, რომ პოსტს წლის ბოლოს დატოვებდა.
გამოცემა Politico-ს ცნობით, 49 წლის ჰაუერტს „თეთრს სახლში“ ტრამპის შიდა ადმინისტრაციული პოლიტიკის წარმატებულ დამცველად იცნობენ და ის ქვეყნის პირველი პირის ნდობით და მხარდაჭერით სარგებლობს. აშშ-ის პრეზიდენტმა საპასუხისმგებლო პოსტზე სწორედ ამიტომ შეარჩია.