დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

0

მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს, რომელიც ღუდუშაურის საავადმყოფოშია მოთავსებული, სავარაუდოდ, იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება.
როგორც კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, მარინა გელანტიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პაციენტს სხვადასხვა სახის გამოკვლევები ჩაუტარდა, კვლევის შედეგები ამ ეტაპზე უცნობია, შესაბამისად, ზუსტი დიაგნოზი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მისივე თქმით, პაციენტი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილ 34 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელისა და ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში, შემდგომი მონიტორინგისთვის. პაციენტის ცნობიერება ნათელია, ადეკვატურია, კონტაქტურია, მაგრამ ასე მწვავედ გამოვლენილ სიმპტომებს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა, რაც ტარდება კიდევაც და დინამიკაში, მოვლენათა განვითარების შესახებ დამატებით მოგახსენებთ. პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ მეთვალყურეობას, მისი მდგომარეობა სტაბილურია“, – განუცხადა ჟურნალისტებს მარინა გელანტიამ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გუშინ, 21:35 საათზე გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი