იუსტიციის სამინისტროს ზოგიერთი სერვისის მიღება დღეს რუსთაველის გამზირზე იქნება შესაძლებელი

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახალხო დღესასწაულს იუსტიციის სამინისტროც უერთდება. სამინისტროს ცნობით, სამინისტროსა და მის გამგებლობაში შემავალი თერთმეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სერვისები რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სპეციალურ პავილიონში მთელი დღის მანძილზე იქნება წარმოდგენილი. იუსტიციის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი სსიპ-ები მოქალაქეებს პოპულარული და ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. სერვისების გარკვეული ნაწილი პავილიონშივე იქნება ხელმისაწვდომი. იუსტიციის სამინისტოს პავილიონში მისულ მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს განვითარების სააგენტო ელექტრონული პირადობის მოწმობის, ციფრული ხელმოწერის, საზოგადოებრივი ცენტრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. მსურველებს ადგილზე შეეძლებათ ახალი დიზაინის ქორწინების მოწმობის აღება (ძველი მოწმობის გამოცვლა); საჯარო რეესტრის თანამშრომლები დაინტერესებულ პირებს საცხოვრებელი მისამართის შესწორებაში დაეხმარებიან. პავილონის სტუმრები სახელის და გვარის მითითებით, ქონების შესახებ ამონაწერის მიღებასა და მის ამობეჭდვას ადგილზე შეძლებენ; აღსრულების ეროვნული ბიურო დაინტერესებულ პირებს ბიუროს სერვისების შესახებ კონსულტაციას ადგილზე გაუწევს; იუსტიციის სახლისთვის განკუთვნილ სივრცეში განთავსდება კუთხე ყველაზე პატარა სტუმრებისთვის. მათ მშობლებს კი საშუალება ექნებათ, პირადობის ახალი მოწმობის ასაღებად განაცხადი ადგილზე გააკეთონ და ფოტოც გადაიღონ; სტუმრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს მოქალაქის პორტალზე დარეგისტრირებასაც შეძლებენ და ვებგვერდის მუშაობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ; სამართლებრივ კონსულტაციას მოქალაქეებს ნოტარიუსებიც გაუწევენ. საქართველოს ეროვნული არქივი წარმოადგენს 1918-1921 წლების უნიკალურ ფოტოქრონიკას. გამოფენილი იქნება ასევე 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები