მოსწავლეები ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის სპეციფიკას გაეცნობიან

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში სკოლის მოსწავლეებისათვის ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს პროცესების თემაზე რამდენიმედღიანი მოსამზადებელი კურსი დაიწყო.

როგორც საქართველოს პროკურატურიდან ,,კვირას“ აცნობეს, შეხვედრის ფარგლებში, ახალგაზრდები პროკურატურის საქმიანობისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემის სპეციფიკის შესახებ ინფორმაციას გაეცნობიან.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მართლწესრიგის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.

სკოლის მოსწავლეებს დასავლეთ საქართველოს ოლქის პროკურორი შოთა ტყეშელაშვილი და ადგილობრივი პროკურორები შეხვდნენ. მიმდინარე სემინარების ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, სასამართლო პროცესების სპეციფიკასა და ბრალდების მხარის როლს. ასევე, შესავალი და დასკვნითი სიტყვა, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვა, დეტალურად განიხილება. მომზადება, როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.

პროექტის დასკვნით ეტაპზე იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება, რომლის ფარგლებში, გამარჯვებულ გუნდსა და საუკეთესო ინდივიდუალურ მონაწილეს ჟიური გამოავლენს. პროექტში ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მიერ შერჩეული სკოლის მოსწავლე მონაწილეობს.

საქართველოს პროkურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიმართულებით მიზნობრივი ღონისძიებები მომავალში აქტიურად ჩატარდება.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები