ლადო პაპავა: „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კარგად აბურთავებს

„ნაციონალური მოძრაობა“ კარგად აბურთავებს „ქართულ ოცნებას“ , – ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ სასამართლოს ირგვლივ განვითარებული პროცესების შესახებ საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლადო პაპავამ მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებაც ისაუბრა:
„ვფიქრობ, რაც ახლა „ქართულ ოცნებაში“ ხდება, ჯანსაღი პროცესია. ეს არის გამოფხიზლების პროცესი. არის ის ეტაპი, როცა ადამიანები ხვდებიან , რომ ისინი დეპუტატები არიან და მათ ამომრჩევლებს პასუხი უნდა გასცენ. მე ამ პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ აშკარად კრიზისულია, არ ვაფასებ უარყოფითად. პირიქით, ჯანსაღ პროცესად ვაფასებ იმიტომ, რომ ადამიანები ვალდებულები არიან ამომრჩევლების წინაშე. ბიძინა ივანიშვილი რას დაპირდა ხალხს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ? ჩვენ გავიგეთ თქვენი ხმა და უნდა შევიცვალოთო. ველოდებით ცვლილებებს. დრო გადის დიდი ტემპით. მას, ამ ცვლილებების გასახორციელებლად, ცხრა თვე დარჩა“, – განაცხადა პაპავამ.
მისივე თქმით, პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთა დასახელებას, საზოგადოებისა და მმართველი გუნდის ნაწილში, პროტესტი მოჰყვა, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მისაღებია.
„ვფიქრობ, არც ისაა გამორიცხული , საკმაოდ კარგი გასაღები უპოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“, – თუ უნდა, რამე გააკეთებინოს , უნდა წავიდეს იმის წინააღმდეგ, რადგან „ქართული ოცნება“, აუცილებლად, მის ჯიბრზე უნდა მოქმედებდეს. აწყობს თუ არა ეს მოსამართლეები „ნაცმოძრაობას“? რა თქმა უნდა, აწყობს. ისინი ხომ მათი პროდუქტები არიან?  მაგრამ უნდა გამოვიდეს წინააღმდეგ, რადგან, ჯიბრზე, „ქართულმა ოცნებამ“ მათ დაუჭიროს მხარი. თუ ამ კონსტრუქციას განვიხილავთ, გამოდის, რომ „ნაცმოძრაობა“ კარგად აბურთავებს „ქართულ ოცნებას“ . ეს არის რეალობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაინტერესებს არა პოლიტიკური დაპირისპირება , არამედ ის, რომ სასიკეთო გადაწყვეტილებები იქნეს მიღებული.
რაც მთავარია, გამოდიან მოსამართლეები – ხმა ამოიღეს. ოდესმე გაგიგიათ მოსამართლის მიერ ამოღებული ხმა? მისი ხმა სასამართლო დარბაზში უნდა ისმოდეს. მაგრამ მათ რომ გარკვეული პოლიტიკური მხარდაჭერა  არ ჰქონდეთ, ხმის ამომღებები იქნებოდნენ? მეეჭვება, რომ ასე იქნებოდა.
ფორმულირება გააკეთეს – გუშინ ეს მოსამართლე ცუდ გადაწყვეტილებებს იღებდა, დღეს კარგ გადაწყვეტილებებს იღებსო. ზეგ რა იქნება? რა გარანტია გვაქვს,  ხვალ რომ რაღაც მოხდეს, ისევ არ მიიღოს გადაწყვეტილებები ზეგავლენის ქვეშ?

ყველაზე მთავარი თემა, ჩვენ ვიცით, რომ კომპრომატების ომია საქართველოში – ფარული ჩანაწერების. ნეტავ, რა მექანიზმი ჰქონდა „ნაცმოძრაობას“, თავის დროზე რომ ამ მოსამართლეებს ცუდ გადაწყვეტილებებს აღებინებდნენ? ეს კითხვა რატომ არ ისმის?“, – განაცხადა პაპავამ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათი კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა. სიაში იყვნენ: მიხეილ ჩინჩალაძე; გიორგი მიქაუტაძე; მარიამ ცისკაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; დიმიტრი გვრიტიშვილი; მერაბ გაბინაშვილი; ნინო სანდოძე; თამარ ალანია; გიორგი ტყავაძე.
21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.
ამას წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის ცალკეული დეპუტატებისა და  საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები