ეკა ბესელიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა

ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ეკა ბესელიამ 9 თანამოაზრესთან ერთად სასამართლოში მოსამართლეების უვადო გამწესების შესახებ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, შესაბამისად, ინიციატივას იმაზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ხელმომწერია.
“ჩვენი ინიციატივა არ არის მხოლოდ ცხრა დეპუტატის ინიციატივა, გარწმუნებთ, რომ მას უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს ვიდრე ხელმომწერთა შორის არიან. უბრალოდ მოკლე დროში ვერ მოვასწარით ყველა ჩვენს კოლეგასთან გაგვეზიარებინა ეს პოზიცია. ინტერესი ძალიან დიდია, ამ ცვლილების საჭიროებას ყველა ხედავს. ეს არის ის აუცილებელი პაუზა, მორატორიუმი რომლითაც არ უნდა ჩაიკეტოს დღეს სასამართლო სისტემა უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო სისტემაში. სწორედ იმიტომ, რომ დღეს ვითარებაა ისეთ, რომ არასწორად ხდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესების არსებული ნორმების გამოყენება და პრაქტიკაში არის გარკვეული ხარვეზები, ეს ხარვეზები არის გამოსასწორებელი და პირველ ეტაპზე იმისთვის, რომ ჰქონდეს დრო იმუშაოს ცვლილებებზე მოვამზადოთ ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ამისთვის საჭიროა შევაჩეროთ უვადო დანიშვნა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოში”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განვითარებული მოვლენები და გამძაფრებული ემოციური ფონი მეტყველებს, რომ ინიციატივა საზოგადოების წუხილს ეხმიანება.
“ჩვენ ვნახავთ ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა. ფაქტია, რომ ჩვენ მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და იუსტიციის საბჭოს დღევანდელი სხდომაც მოწმობს აი, ამ მომეტებული ვნებათაღელვიდან გამომდინარე, სწორედ იმას, რომ ეს ინიციატივა აბსოლუტურად სწორია და ეს რეაქციები ამას ადასტურებს და ჩანს, რომ ჩვენი ინიციატივა ეხმიანება იმას რაც საზოგადოებას აწუხებს”, – განმარტა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები