თბილისში “სკაიპით” “ქურდულ შეკრებაში” “კანონიერი ქურდი” ჩაერთო – შსს-მ 5 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, ხუთი პირი დააკავა.
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ, მიმდინარე წლის 27 იანვარს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ მონაწილეობდნენ. ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით, 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი ქართველი “კანონიერი ქურდი”, სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე) ჩაერთო, რომელმაც, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.
შსს-ს ცნობით, სამართალდამცავებმა დასახელებული ქურდული შეკრება ფარულად აუდიოსა და ვიდეოზე ჩაიწერეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ხუთივე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს, თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ “კანონიერ ქურდ”, სულხან ჯაფარიძეს კი, ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი ბინებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლითა და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები