აუდიტი: აფხაზეთის მთავრობაში 19 პირზე სოცდახმარებები წელიწადში რამდენჯერმე გაიცა, მსგავსი პრობლემების მქონე 1,306 პირს კი, განცხადება არ დაუკმაყოფილდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი განახორციელა.
აუდიტის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დარღვევები დააფიქსირა. აუდიტი 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.
„2017 წელს დაფინანსებული ფიზიკური პირების ბაზის დამუშავების შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს, 19 პირზე 2-ჯერ ან 3-ჯერ გაიცა ფინანსური დახმარებები, ჯამში − 7,300.00 ლარი. ასევე აღსანიშნავია, რომ მათგან 16 პირი ასევე დაფინანსებული იყო 2016 წელსაც, ხოლო 9 პირი დაფინანსებულია, როგორც 2016, ისე 2015 წელს. აღნიშნული მონაცემებიდან ფაქტობრივად დგინდება, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ, მაშინ როდესაც, მსგავსი პრობლემების მქონე პირთა, იმავე შინაარსის 1,306 განცხადება არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ხოლო 37 დევნილის განცხადება არც დაკმაყოფილდა და არც სხვა უწყებაში გადაგზავნილა“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
გამოქვეყნებული დოკუმენტში კიდევ ერთ დარღვევაზეა საუბარი, რომელიც მივლინებებს ეხება.
„ქვეყნის გარეთ მივლინებების შესწავლით გამოვლინდა, რომ მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებების6 საფუძველზე, ქ. კრაკოვში გამართულ კონფერენციაზე მთავარი სპეციალისტი წარსდგა მოხსენებითა და პრეზენტაციით − „საზოგადოებასთან ურთიერთობა და სახალხო მუსიკის სტილი შეერთებულ შტატებში“, ხოლო ქ. ელ- მაფრაკში გამართულ კონფერენციაზე თემის − „პიარი და თანამედროვე მუსიკა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი“, პრეზენტაციით. აღნიშნული პრეზენტაციების შინაარსს მთავრობის აპარატის საქმიანობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც ასევე დასტურდება ობიექტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და წარდგენილი პრეზენტაციებით. მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით7, მოხელე შესაძლებელია საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გაგზავნილ იქნეს სამსახურებრივი მივლინებით როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. მოცემულ შემთხვევებში, ფაქტობრივად ვერ დასტურდება კონკრეტულად რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იქნა მივლინებული მთავარი სპეციალისტი. ვინაიდან აღნიშნული ვიზიტები, მათი შინაარსიდან და მიზნებიდან გამომდინარე, არ იყო მივლინება, მთავრობის აპარატის მიერ ორივე მივლინებასთან დაკავშირებით 2,357.60 ლარი გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელიც აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა დააფიქსირეს, რომელიც რესპუბლიკური ბიუჯეტის არასათანადოდ დაგეგმვას ეხება.
„2017 წელს სარეზერვო ფონდიდან ასევე დაფინანსდა იურიდიული პირებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიების ფინანსური დახმარების 13 შემთხვევა, ჯამში − 23,155.00 ლარით. აღნიშნული ღონისძიებების შესწავლით გამოვლინდა, რომ მთავრობის თავმჯდომარე 2017 წლის 20 იანვარს მიმართავს საქართველოს პრემიერ – მინისტრს, ამავე წელს დაღესტნელი პოეტის, ალი ისაევ-ავარსკის 80 წლის იუბილის აღნიშვნის საკითხის განხილვის თხოვნით, რომელსაც საბოლოო ჯამში თავად აფინანსებს სარეზერვო ფონდიდან 10 (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო იღებს პასუხისმგებლობას მხოლოდ თავისი სააქტო დარბაზი დაუთმობს ღონისძიებას), ასევე განათლების სამინისტრო 9 ოქტომბერს იწყებს 17 ოქტომბრის „ვეტერანის დღის“ (რომელიც აღინიშნება ყოველწლიურად) დაგეგმვას11 , ხოლო განათლების სამინისტრო და ა(ა)იპ − აფხაზეთის ლიტერატორთა და ხელოვანთა შემოქმედებითი გაერთიანება 20 ნოემბერს იწყებს 24 ნოემბერს, ლორიკ მარშანიას 85-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების დაგეგმვას12 . ამავდროულად უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო ქვეპროგრამა „საღამოები“ 13 , რომლის ფარგლებშიც სწორი დაგეგმვის პირობებში შესაძლებელი იქნებოდა ზემოაღნიშნული ღონისძიებების დაფინანსებაც. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ რესპუბლიკური ბიუჯეტი არასათანადოდაა დაგეგმილი და აფხაზეთის შესაბამისი სტრუქტურებისა და ორგანიზაციების მხრიდან რესპუბლიკური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე − 2017 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ არასრული და შეუსწავლელი ინფორმაციაა წარმოდგენილი. ანალოგიურად, 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია „სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერის პროგრამა“ 14 , თუმცა სარეზერვო ფონდიდან მაინც დაფინანსდა ბეგლარ ელბაქიძის მსოფლიო საზღვაო- სარეკორდო მარათონის15 ჩატარება, ამპუტანტ ფეხბურთელთა ტურნირის − „აფხაზეთის გარდამავალი თასი“ 16 , ჩატარება და ა(ა)იპ − საკალათბურთო კლუბ „სოხუმისათვის“დარბაზის იჯარის გადახდა17 . ასევე 2017 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებულია ქვეპროგრამა − „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“ 18 , თუმცა სარეზერვო ფონდიდან ამ შემთხვევაშიც დაფინანსდა გალის რაიონის სოფელ ლეკუხონაში მდებარე საშუალო სკოლის გათბობის სისტემის მოწყობა19 . შესაბამისად, 2017 წელს სარეზერვო ფონდიდან, ჯამში − 12,580.00 ლარით, ისევე როგორც წინა წლებში, კვლავ დაფინანსდა ისეთი ღონისძიებები, რომელთა დაფინანსებაც ბიუჯეტის სწორი დაგეგმვისა და ეფექტიანი მენეჯმენტის პირობებში, შესაძლებელი იქნებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო მხარჯავი დაწესებულებების წლიურ ასიგნებებში“, – ნათქვამია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები