„სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად თანამედროვე, გამჭვირვალე და მოქნილი” – “არდის“ დირექტორი სავალდებულო დაზღვევაზე

პროდუქტის შეძენის ძალაუფლება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის მხარეს, ანუ ის წყვეტდეს ვისი პროუდქტი შეიძინოს და არანაირი სხვა გარე ფაქტორები არ უნდა არსებობდეს, რომელიც მას ამას შეუზღუდავს, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „არდის” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ჯაფარიძემ საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მიხეილ ჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სისტემა მაქსიმალურად თანამედროვე, გამჭვირვალე და მოქნილი უნდა იყოს.
„ამ კანონზე საუბარია დიდი ხანია. გარდა ამისა, ჩვენ გარკვეული ვალდებულებები გვაქვს ევროდირექტივებით, რომ მსგავსი ტიპის სახეობები სავალდებულო იყოს ქვეყანაში. ეს ბევრი მიმართულებით არის სასარგებლო, ეს არის ზოგადი სიკეთე საზოგადოებისთვის და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია. 2013-14 წლიდან მოყოლებული ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა და მსჯელობა, როდის შემოღებულიყო კანონი. ახლა უკვე საუბარია იმაზე, რომ 1 ივლისიდან , ან შეიძლება ოდნავ მოგვიანებით, ეს კანონი იქნას მიღებული.
ეს კანონი მოაზრებს ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევას, როცა მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მესამე პირის ქონებას, სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ დროს სადაზღვევო კომპანია ახდენს ანაზღაურების გაცემას.
რაც შეეხება გამოწვევებს – სისტემა უნდა იყოს მაქსიმალურად თანამედროვე, გამჭვირვალე და მოქნილი. ეს შესაძლებელია.
კანონპროექტთან დაკავშირებით ყველა სადაზღვევო კომაპნიამ, მათ შორის სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციამ გადავგზვანეთ ჩვენი რეკომენდაციები და ხედვები. როგორც გახსოვთ, ეს კანონი საქართველოში ადრე არსებობდა , არცთუ ისე პოპულარული იყო , იმიტომ რომ სისტემა იყო ძალიან ძველი, არაგამჭვირვალე და ცუდი სახელი ჰქონდა. ჩვენ, სადაზღვევო კოპმანიებს არ გვინდა სისტემა რამენაირად დისკრედიტებული იყოს , გვინდა ძალიან გამჭვირვალე იყოს. ამაში ვგულისხმობთ რას- ყველა მონაწილემ ეს იქნება თავად სადაზღვევო კომპანიები, სახელმწიფო და საზოგადოება, უნდა იცოდნენ, ზუსტად რა სიკეთეს მიიღებენ ამ ყველაფრით ,როგორ ხდება ადმინისტირების ნაწილი. ჩვენი აზრით, ერთერთი ყველაზე დიდი ხელშემწმყობი ამ ყველაფრისა იქნება ციფრული ტექნოლოგიების ძალიან აქტიური გამოყენება. ასევე ის, რომ ამ პროდუქტის შეძენის ძალაუფლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მომხმარებლის მხარეს, ანუ ის წყვეტდეს, ვისი პროდუქტი შეიძინოს და არანაირი სხვა გარე ფაქტორები არ იყოს, რომელიც მას ამას შეუზღუდავს“- განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.
საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებისთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა შემოდის.
საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ მოამზადა, პარლამენტში ინიცირებისათვის მზად არის.
“სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ერთ–ერთი წამყვანი სავალდებულო დაზღვევის სახეობაა საერთაშორისო პრაქტიკაში. მძღოლის დაუდევრობის, უყურადღებობის, არასაკმარისი ცოდნის, სატრანსპორტო საშუალების არასათანადო მოვლა–პატრონობის და სხვადასხვა მიზეზების გამო იზრდება საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების და გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის ალბათობა. სწორედ სავალდებულო დაზღვევა ქმნის მატერიალურ გარანტიას, ერთი მხრივ, მძღოლისათვის და მეორე მხრივ, დაზარალებულისათვის ამ უკანასკნელის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონებისათვის მიყენებული ზიანის დადგომის დროს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი ადგენს წლიური სადაზღვევო პრემიის მინიმალურ და მაქსიმალურ ოდენობებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების კატეგორიების მიხედვით, რომელიც არის წლიური და განისაზღვრება ავტოსასატრანსპორტო საშუალების კატეგორიების მიხედვით.
კერძოდ, მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75.00 – 110.00 ლარი;
მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100.00 – 150.00 ლარი;
ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160.00 – 240.00 ლარი;
სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210.00 – 310.00 ლარი;
მისაბმელისათვის – 50.00 – 75.00 ლარი;
სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60.00 – 90.00 ლარი.
ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის ან მძღოლის გადაადგილება სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე სანქციებს გამოიწვევს.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც უშუალოდ საქართველოში რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ეხება.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციის ოდენობა. კერძოდ, პროექტით კონკრეტდება, რომ სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გარეშე გადაადგილებისას 100 ლარით დაჯარიმდება მოტოციკლის (რომლის ძრავას მუშა–მოცულობა 50 სმ3–ზე მეტია), მსუბუქი ავტომობილის (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა არ აღემატება 3 500 კგ-ს და დასაჯდომი ადგილების რაოდენობა 8-ს არ აღემატება), სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი. ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარევა კი, 200 ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72 საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები