დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეიარაღებაზე კონტროლისა და უსაფრთხოების საკითხებში, ანდრეა ტომფსონს შეხვდა.
როგორც მედიაჰოლდინგ ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ყველა პრიორიტეტული მიმართულებით უმაღლეს ნიშნულზეა. მხარეებმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობა დადებითად შეაფასეს და ამ მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავების გზები განიხილეს.
ქართულმა მხარემ აშშ-ს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და არაღიარების პოლიტიკისთვის მადლობა გადაუხადა, რა მხრივაც, აშშ-ის საბიუჯეტო კანონში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული ცვლილებები უმნიშვნელოვანესი იყო.
აშშ-ის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაფიქსირდა. ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს განხორციელებულ რეფორმებს, როგორც დემოკრატიული განვითარების, ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით, მაღალი შეფასება მიეცა.