„უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც მოსამართლე საერთოდ არ უნდა იყოს, ან შეიძლება ციხეში უნდა იჯდეს”

 

პარლამენტის ცხრა დეპუტატის ინიციატივას, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას გულისხმობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ეხმაურება.
„უვადოდ დანიშნულ მოსამართლეთა შორის არის ხალხი, რომელიც მოსამართლე საერთოდ არ უნდა იყოს, ან შეიძლება ციხეში უნდა იჯდეს.
ძალიან კარგია, რომ ეს ინიციატივა დღეს დადგა. პირველი საფეხური ალბათ ეს არის და რაც მალე გაკეთდება, მით უკეთესია. იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს“,- განაცხადა დოლიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის გათვალისწინებით, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.
კანონპროექტი დღეს დარეგისტრირდა და მას ხელს აწერენ: ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები