შსს-მ დროებითი მოთავსების იზოლატორების 2018 წლის ანგარიში წარადგინა

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში ვლადიმირ შკოლნიკოვმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გახსნეს.
პრეზენტაცია ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროექტის “ადამიანის უფლებები ყველასათვის” მხარდაჭერით გაიმართა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში, დროებითი მოთავსების იზოლატორებში 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ, განახლდა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა, გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურება და დაკავებულთა პირობები, ამაღლდა თანამშრომელთა კვალიფიკაცია.
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში, პირველად საქართველოში, რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, არასრულწლოვნებზე მორგებული ინფრასტრუქტურა – საგამოძიებო და დაკავების ოთახები მოეწყო. ასევე 2018 წელს, სრულად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა დროებითი მოთავსების იზოლატორები ახალქალაქში, წალკასა და ჩხოროწყუში. გაფართოვდა მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორი, მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება ქობულეთის, ფოთის და სამტრედიის იზოლატორების რეაბილიტაცია. აგვისტოში გაიხსნება ახალი იზოლატორი ბაკურიანში.
2018 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად, დროებითი მოთავსების 8 იზოლატორში დაემატა სამედიცინო პუნქტი (მცხეთა, საგარეჯო ყვარელი, ფოთი, ზესტაფონი, ხაშური, ჩხოროწყუ და ახალციხე); ახალმა და მოქმედმა ექიმებმა კი გაიარეს სპეციალურად მათთვის ორგანიზებული ტრენინგები.
გარდა ამისა, გასულ წელს გადამზადდა დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელი, 6 იზოლატორში სრულად განახლდა და გაიმართა ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემა. 2019 წლის ბოლომდე ვიდეო-კამერები შეიცვლება დარჩენილ 23 იზოლატორშიც. დღევანდელი მდგომარეობით, ვიდეო-ჩაწერა ყველა იზოლატორში ხორციელდება და მისი შენახვის მინიმალური ვადა 24 საათიდან 120 საათამდე გაიზარდა. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განისაზღვრა დროებითი მოთავსების იზოლატორების თითოეულ საკანში მოსათავსებელ პირთა მაქსიმალური რაოდენობა.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, თბილისში უკვე დაწყებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა. ხაზგასასმელია, რომ ინფრასტრუქტურა სრულად იქნება მორგებული არასრულწლოვნებსა და შ.შ.მ პირებზე, ადგილზე იფუნქციონირებს ორი სამედიცინო პუნქტი, მშენებლობისას სრულად იქნა გათვალისწინებული საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები და საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტები. დროებითი მოთავსების იზოლატორის მშენებლობა ავჭალაში 2019 წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები