“გამარჯვებული კომპანია ტაქსის მძღოლებს თეთრ ფერზე გადაღებვის და ინტერიერის წმენდის ვაუჩერს გადასცემს”

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, კომპანია “ალმა”, რომელმაც აუქციონში გაიმარჯვა, ტაქსის მძღოლებს ორი სახის ვაუჩერს გადასცემს, ერთი იქნება თეთრ ფერზე გადაღებვის, ხოლო მეორე ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი. მისივე განმარტებით, აღნიშნული კომპანია სატრანსპორტო საშუალებებზე რეკლამას ორი წლის ვადით განათავსებს, რის სანაცვლოდაც უზრუნველყოფს შეღებვას.
“ერთი კვირის წინ დასრულდა კონკურსი, გვყავს გამარჯვებული კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს პირველი მარტიდან ორი სახის ვაუჩერის გაცემას ტაქსის ნებართვის მფლობელებზე: ერთია – თეთრ ფერზე გადაღებვის ვაუჩერი და მეორე იქნება ტაქსების ინტერიერის წმენდის ვაუჩერი. ჩვენ შევქმენით საკმაოდ ეფექტური და კარგი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, კომპანია ამის სანაცვლოდ თანხებს არ მოითხოვს ტაქსის ნებართვის მფლობელებისგან, ის მათ სატრანსპორტო საშუალებებზე განათავსებს რეკლამას ორი წლის ვადით და ამის სანაცვლოდ უზრუნველყოფს შეღებვას. ამ შეღებვის და ინტერიერის წმენდის ვაუჩერით სარგებლობის უფლება აქვთ იმ ტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით მიიღეს მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ნებართვა. ჩვენ საინფორმაციო კამპანიასაც დავიწყებთ ამ დღეებში, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ამ ვაუჩერებით და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომ ვაუჩერით სარგებლობა შეეძლებათ მხოლოდ იმ სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს, რომლებსაც გავლილი ექნებათ სავალდებულო ტექნიკური დათვალიერება. თქვენ იცით, რომ ჩვენ ეს კონკურსი მივაბით თბილისის სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილი მეტროს და ავტობუსების რეკლამების აუქციონს. შედგა ეფექტური ვაჭრობა, 11 მილიონიდან დაიწყო და 14 მილიონ ლარს ასცდა. გამარჯვებულია კომპანია “ალმა”, ეს არის საკმაოდ კვალიფიციური კომპანია და მზად არის 1-ელი მარტიდან გასცეს ვაუჩერები რეკლამების განთავსების სანაცვლოდ”,- განაცხადა ხმალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები