ტრაგიკულად დაღუპული გორელი ძმების სახლი დასაფლავებისას გაქურდეს – „თანხა დედის ჩანთიდანაც მოიპარეს“

თბილისში, ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი გორელი ძმების სახლი მათი დაკრძალვის დღეს გაქურდეს.
შემთხვევა გორში, ვერხვების ლტოლვილთა დასახლებაში მოხდა.
როგორც ირკვევა ბოროტმოქმედებმა, სახლში მაშინ შეაღწიეს, როდესაც ოჯახის წევრები და ახლობლები სასაფლაოზე იმყოფებოდნენ.
“კვირასთან” საუბარში ერთ-ერთი გარდაცვლილი ძმის ვახტანგ ყაზიშვილის ცოლის დამ, მაკა ზუბაშვილმა აღნიშნა, რომ თანხა მისი, გარდაცვლილების დედის და ასევე ერთ-ერთი გარდაცვლილის ცოლის ხელჩანთებიდან მოიპარეს.
“ყველანი შოკში ვართ, ისედაც ასეთი უბედურება დაგვატყდა და არ ვიცით, რა ვთქვა. სასაფლაოზე ვიმყოფებოდით. უკან რომ მოვბრუნდით, ჩემმა დამ, ლანამ – გარდაცვლილის მეუღლემ, დაინახა, რომ კარადიდან ხელჩანთა იყო გადმოვარდნილი და გახსნილი, მერე მისმა მაზლის ცოლმა, ანუ მეორე გარდაცვლილის ცოლმაც ნახა, რომ მისი ჩანთა გახსნილი იყო და საფულეში ფული აღარ იდო, ფული გარდაცვლილების დედის ხელჩანთიდანაც მოიპარეს. მე 100 ლარი მედო, ისიც წაღებულია, წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ იკადრებდა ამას, ამხელა უბედურება დაგვატყდა ისედაც. ფულს არ დავეძებთ, უბრალოდ გვაინტერესებს, ვინ იკადრა ასეთი რამ”, – განუცხადა “კვირას” მაკა ზუბაშვილმა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მე-3 ნაწილის გ ქვეპუნქტით დაიწყო (ქურდობა ბინაში უკანონო შეღწევით).

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად, შვიდი ადამიანი 31 იანვარს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები