მიხეილ ბატიაშვილი: დამამთავრებელ კლასებში სკოლაში სწავლის ნაცვლად, რეპეტიტორებთან სიარული მნიშვნელოვანი პრობლემაა

განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, დამამთავრებელ კლასებში სკოლაში სწავლის ნაცვლად, რეპეტიტორებთან სიარული მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ, მისივე განმარტებით, სამინისტროს მიზანი სკოლის გაძლიერებაა და არა გამოცდაზე ორიენტირება.
მისი თქმით, გამოცდების მაქსიმალური დაახლოება მოხდება სასკოლო პროგრამასთან.
„ეროვნული გამოცდების გაუქმება არ ხდება, არამედ სკოლაში უქმდება ცენტრალიზებული გამოცდები. ჩვენი მიზანი არის სკოლების გაძლიერება, რადგან სასწავლო პროცესს საფრთხე არ ემუქრებოდეს. შედეგი, რაც ბოლო კლასებში გვაქვს, რომ სწავლის ნაცვლად მხოლოდ რეპეტიტორებთან სიარულია და ფაქტობრივად, სკოლებში ცოდნის მიღება არ ხდება, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პრობლემაა. ამიტომ ჩვენი მიზანია სკოლის გაძლიერება და არა გამოცდებზე ორიენტაცია.
​ოპტიმიზაცია მიმართულია იმაზე, რომ უფრო მაღალი შედეგები მივიღოთ. გამოცდების მაქსიმალური დაახლოება მოხდება სასკოლო პროგრამასთან. ასევე, მოსწავლეები უფრო ლოგიკურად გადანაწილდებიან იმის მიხედვით, ჰუმანიტარული მიმართულებით აპირებენ სწავლას თუ ტექნიკური. მათი მთელი რესურსი მიმართული იქნება სწორედ იმ საგნებსა და სასკოლო ცოდნაზე, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. ეს ცოდნა დაეხმარებათ, უმაღლეს სასწავლებელში სწავლა განაგრძონ. არ იქნება ორიენტაცია ისეთ გამოცდებზე, როგორიც დღეს შედეგს არ გვაძლევს“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.
როგორც მან აღნიშნა, ყოველივე ამის პარალელურად იზრდება უნივერსიტეტების ავტონომიაც.
„ჩვენი მიზანია, სკოლას საგამოცდო სისტემით ჰქონდეს თავისი ფუნქცია. ასევე, დაზღვეულები ვიყოთ მომავალი კორუფციული რისკებისგან, სხვადასხვა ასეთი საკითხისგან. ამ როლს ეროვნული გამოცდები შეასრულებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდება უნივერსიტეტის ავტონომია. თუ უნივერსიტეტი გადაწყვეტს, რომ ეროვნულ გამოცდებთან ერთად კიდევ ერთ საგანშია გამოცდის დამატება მნიშვნელოვანი, ამასაც უზრუნველვყოფთ. საგრანტო სისტემასთან და სხვა რეფორმებთან დაკავშირებით კი სფეროს ექსპერტებთან, სკოლებთან და უნივერსიტეტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები