“შემოგვაქვს სისტემა, რომელიც ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში დაეხმარება”
ჩვენი მიზანია ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია და ამისთვის რეფორმაში განათლების ხარისხის ზრდაა გათვალისწინებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ჩვენი მიზანი ქართული უმაღლესი სკოლების საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაა და ამისთვის რეფორმაში განათლების ხარისხის ზრდაა გათვალისწინებული. უფრო მეტიც, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს განვითარების სტრატეგია, რომელიც გულისხმობს, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონულ ცენტრად საერთაშორისო ბიზნესისთვის, ტურიზმისთვის, ტრანსპორტისთვის და რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია – განათლებისთვის.
ჩვენ გვაქვს ამისი ისტორიული ფესვები და უმაღლესი განათლების რეფორმის ის კომპონენტი, რომელიც იქნება წარმოდგენილი, ჩვენ დაგვეხმარება, რომ უფრო მეტი სტუდენტი მოვიზიდოთ საზღვარგარეთიდან ჩვენს უნივერსიტეტებში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, პროფესიული განათლება და უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
“შემოგვაქვს სისტემა, რომელიც დაეხმარება ნებისმიერი ასაკის ადამიანს სწრაფად ცვალებად სამყაროში ადაპტირებაში, ახალი პროფესიის შეძენაში, თვითრეალიზაციასა და განვითარებაში. ჩვენ უკვე იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებშიც გვაქვს დიდი დეფიციტი და ამავე დროს, იდენტიფიცირებული გვაქვს ის პროფესიები, რომლებიც უახლოეს მომავალში დასჭირდება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას. მეცნიერებაზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და სათანადო ადგილი ეთმობა რეფორმაში. რეფორმა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციას და მეცნიერების დაფინანსების ზრდას ითვალისწინებს. მნიშვნელოვნად წავახალისებთ ახალგაზრდა მეცნიერებს. წარმოდგენილი რეფორმა ითვალისწინებს თანამედროვე ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალების ჩამოყალიბებას. თანამედროვე ეპოქა, ახალი ტექნოლოგიები და სწრაფად ცვალებადი სამყარო ადამიანებისგან მოითხოვს ახალ, კომპლექსურ უნარ-ჩვევებს, პრაქტიკულ აზროვნებას, ინფორმაციის გადამუშავების, აგრეთვე პრობლემებზე სწრაფი რეაგირების უნარს და ლოგიკურ აზროვნებას. სწორედ ასეთი მიდგომით არის შემუშავებული და ამ მიზნების მიღწევას ემსახურება რეფორმა, რომელსაც დღეს წარვუდგენთ საზოგადოებას. განათლების რეფორმის მეთოდოლოგიური და ახლებური მიდგომები ითვალისწინებს სისტემას, რომლის ცენტრშიც იქნება თითოეული ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მასწავლებელი. უფრო დაწვრილებით რეფორმის ყველა დეტალზე მოგახსენებთ განათლების მინისტრი. დარწმუნებული ვარ, ამ რეფორმის გატარებით ჩვენ გარღვევას მოვახდენთ განათლებაში და ქვეყანას გადავიყვანთ განვითარების ახალ ეტაპზე, ჩვენ გვეყოლება თანამედროვე ცოდნის მქონე, კონკურენტუნარიანი თაობები, რომლებიც თავის სიტყვას იტყვიან საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური ტრანსფორმაციის საქმეში. სწორედ ასე დავძლევთ სიღარიბეს, მივაღწევთ კეთილდღეობას და ჩავდგებით თანამედროვე, განვითარებული ქვეყნების რიგებში და შევქმნით ერთიან, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.