მათე ტაკიძე სისტემის რეფორმირებაზე: ეს არის სერიოზული პოპულარიზაცია და წინგადადგმული ნაბიჯი პროფესიულ განათლებაში

ეს არის სერიოზული პოპულარიზაცია და წინგადადგმული ნაბიჯი პროფესიულ განათლებაში. ეს სტიმულს აძლევს ახალგაზრდებს, რომ მოვიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში, დაეუფლონ პროფესიებს და არ ჰქონდეთ არავითარი დაბრკოლება, თუ შემდგომ მოუნდებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება, – ასე აფასებს საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი, მათე ტაკიძე პროფესიული განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს.
როგორც ტაკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გუშინდელ პრეზენტაციაზე, რამდენიმე საინტერესო მესიჯი გახმოვანდა.
„საქართველოში პროფესიული განათლება ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია. გუშინ იყო წარმოდგენილი ახალი პრეზენტაცია, სადაც რამდენიმე საინტერესო მესიჯი გახმოვანდა. აქ ორი მიმართულებაა ძალიან მნიშვნელოვანი – პირველი, ზოგად განათლებასა და უმაღლეს განათლებას შორის არსებული ჩიხის შევსება. მოგეხსენებათ, დღემდე იყო შემდეგი რეგულაციები: პირი, რომელიც ამთავრებდა მე-9 კლასს და მიდიოდა პროფესიულ განათლებაში, შემდეგ თუ მოუნდებოდა გაეგრძელებინა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში, უნდა გაეკეთებინა განცხადება სკოლაში და ექსტერნად ჩაებარებინა მე-10, მე-11 და მე-12 კლასის გამოცდები, რაც ხშირ შემთხვევაში, ვერ რეგულირდებოდა და ვერ ხდებოდა ისე, როგორც იყო საჭირო. შესაბამისად, 2018 წლის სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი პროფესიული განათლების შესახებ, სადაც გაწერილია რეგულაციები, რომ პირი, რომელიც ამთავრებს საბაზო განათლებას და მიდის პროფესიულ სასწავლებელში, მისი დიპლომი გაუთანაბრდება საშუალო სკოლის ატესტატს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. ჩიხი ამოვსებული გახლავთ, შესაბამისად, პირი, რომელიც ამთავრებს პროფესიულ სასწავლებელს, მას გზა ეხსნება უმაღლესი სასწავლებლისკენ, თუკი მას ამის სურვილი გააჩნია, მას აღარ ექნება დაბრკოლება წავიდეს, ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში და შეარჩიოს ის პროფესია, რომელიც მას სურს. ეს არის გარკვეულწილად სერიოზული პოპულარიზაცია და წინგადადგმული ნაბიჯი პროფესიულ განათლებაში, ეს ზრდის მოტივაციას, საზოგადოებაში ცნობიერებას ამაღლებს, ეს აძლევს სტიმულს ახალგაზრდებს, რომ მოვიდნენ პროფესიულ სასწავლებლებში, დაეუფლონ პროფესიებს და არ ჰქონდეთ არავითარი დაბრკოლება, თუ შემდგომ მოუნდებათ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძლება“, – განაცხადა ტაკიძემ.
მისივე თქმით, რეფორმის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არაფორმალური განათლების აღიარების მექანიზმების დანერგვაა.
„მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც გუშინ გახმოვანდა, ეს არის არაფორმალური განათლების აღიარება. დღემდე იყო სერიოზული პრობლემები არაფორმალური განათლების აღიარების თვალსაზრისით, ძალიან ბევრ კომპანიას, კერძო სექტორს და ინდივიდებს, პირებს, რომელთაც გააჩნიათ გარკვეული ცოდნა, ეს ცოდნა შეიძლება მემკვიდრეობით მიიღეს, შეიძლება დამოუკიდებლად შეისწავლეს, მათ სჭირდებათ გარკვეულად ცოდნის აღიარება, სერტიფიკატი ან დიპლომი ან ცნობა იმის შესახებ, რომ ისინი ფლობენ ამა თუ იმ პროფესიას. დღეს მოქმედი კანონის შესაბამისად, კომპანიებს, კერძო სექტორს, ნებისმიერ პირს ევალება, რომ აუცილებლად უნდა ჰქონდეს ცნობა, სერტიფიკატი ან დიპლომი იმისთვის, რომ დასაქმდეს. დღეს სახელმწიფო ყველა პირს არაფორმალური განათლების აღიარების საშუალებას აძლევს. თუ ისინი ფლობენ რაიმე ცოდნას, შეუძლიათ, მიმართონ კოლეჯებს და მაისის თვიდან უკვე დაიწყება ამ რეგულაციებით მუშაობა, როდესაც ნებისმიერ პირს არაფორმალური განათლების აღიარების საშუალება ექნება. ეს ხელს შეუწყობს ძალიან ბევრ საინტერესო მიმართულებას. უამრავ ადამიანს ექნება საშუალება თავისი განათლების, ცოდნის აღიარება მოიპოვოს“, – განაცხადა ტაკიძემ.
მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დაინერგება მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები – ე.წ. ზრდასრულთა გადამზადება.
„ასევე გამოიკვეთა ძალიან კარგი მესიჯები სხვა მიმართულებებითაც. მაგალითად, მარტის დასაწყისიდან იწყება მომზადება-გადამზადების ახალი ეტაპები, რომელიც ზრდასრულ მოქალაქეებს გადამზადების საშუალებას მისცემს. ეს იქნება პირდაპირ ბიზნესის ჩართულობით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ანუ ბიზნესთან ერთად, მოვამზადებთ პროგრამებს. ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისად მომზადდება ყველა ის უნარები, რომელსაც უნდა ფლობდეს მათთან დასასაქმებელი კადრი, ამაში ჩაერთვებიან ბიზნესის ინსტრუქტორები, კომპანიის წარმომადგენლები და ჩვენთან ერთად, ანუ კოლეჯებთან ერთად, მოვახერხებთ ამას, რომ გადამზადება შეიძლება იყოს ერთთვიანი, სამთვიანი, ოთხთვიანი, გააჩნია მოთხოვნას. სახელმწიფო სრულად აფინანსებს ამ ყველა თემას. ეს არის ინოვაციური, სწორი მიდგომა. ვფიქრობთ, რომ ეს კურსები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საშუალო განათლება დიდი ხნის წინ აქვს მიღებული, თავისი ადგილი ვერ მოიძია და დღეს ეძებს გარკვეულ პერეკვალიფიკაციას, უნდა თავისი სპეციალობის შეცვლა, რათა წარმატებით დასაქმდეს.
ბევრი ბიზნესისგან მივიღეთ კონკრეტული კვლევები მათ კომპანიაში არსებული საჭიროებების შესახებ. ჩვენთვის ცხადია, რომელ კომპანიას რა რაოდნეობის, რა მიმართულების და უნარების კადრები სჭირდება. მარტიდან, როცა დავიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას, სელექციაში ჩაერთვებიან კომპანიები, შეფასების კომპონენტებშიც ბიზნესი იქნება ჩართული. ეს იქნება შედეგზე ორიენტირებული გადამზადება, ცოდნაზე ორიენტირება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ თითოეული მათგანი, ვინც გადამზადდება შესაბამისი პროგრამით, დასაქმდეს ძალიან წარმატებულად“, – განაცხადა ტაკიძემ.
ცნობისთვის, პროფესიული სასწავლებლის დიპლომი მნიშვნელობით სკოლის ატესტატს გაუთანაბრდება. უფრო კონკრეტულად, სკოლის საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე პირებს, ატესტატის ასაღებად, სკოლის გამოცდების ექსტერნად ჩაბარება აღარ მოუწევთ და სრული ზოგადი განათლების მქონე პირების მსგავსად (12 კლასის), უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ექნებათ.
ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ პირებს, ვისაც კონკრეტული სპეციალობა უკვე აქვთ, თუმცა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ესაჭიროებათ, მისი მიღება პროფესიულ სასწავლებლებში ორწლიანი უფასო კურსის გავლის შემდეგ შეეძლებათ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2019 წლის მარტიდან, პროფესიული განათლების მიმართულებით, ზრდასრულებისთვის სამშენებლო სფეროში მოკლევადიანი კურსები დაიწყება. მაისში კი სფეროების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ასევე, პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის, ირინა წერიძის ინფორმაციით, 2021 წლიდან სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამების დაწყებას გეგმავენ.

სამინისტროს ცნობით, დაინერგება მოკლევადიანი გადასამზადებელი კურსები – ე.წ. ზრდასრულთა გადამზადება, რაც ბაზარზე არსებული მოთხოვნების (ვაკანსიების) შესაბამისად მოხდება და მოსახლეობის უნარების განახლებასა და ახალი კომპეტენციების შეძენას ისახავს მიზნად.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები