“ვინ იყო კადრების გავრცელების პირველწყარო” – ეკა ბესელია პასუხს გამოძიებისგან ელის
“ვინ იყო კადრების გავრცელების პირველწყარო”, – აცხადებს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია და ამ მთავარი კითხვის პასუხს ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებისგან ელის.
ეკა ბესელია განმარტავს, რომ საქმეს შს სამინისტრო პროკურატურის ზედამხედველობის ქვეშ იძიებს, ამიტომ ის ითხოვს სწორედ ამ ორი უწყებისგან მიიღოს მთავარ კითხვაზე პასუხი – ვინ იყო კადრების გავრცელების პირველწყარო.
„გამოძიებას აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და არა უსაფრთხოების სამსახური და ასევე პროკურატურა, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას ისე, რომ მთავარი კითხვები და მთავარი გამოწვევა არის ამ ორი უწყების მიმართ, რომელთაც უნდა უპასუხონ მთავარ კითხვას – ვინ იყო დამკვეთი და ორგანიზატორი დანაშაულებრივი ქმედების. ეს არის მთავარი კითხვა და საჭიროა ამაზე პასუხი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.
დღესვე პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. ე.წ. ახლების გუნდი მხარს ამ თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილს უჭერს, ხოლო ეკა ბესელიას თანამოაზრეთა კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილია.
ეკა ბესელიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ იგი ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს.