ლაშა დარსალია სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, სამხრეთი კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან, შეხვედრა გამართა.
როგორც “კვირას”უწყებიდან აცნობეს,
მხარეებმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. მინისტრის მოადგილემ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებით ისაუბრა და ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას ხაზი გაუსვა.
შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხები განიხილა. აქცენტი ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე, საგნობრივი მოლაპარაკებებისა და პროგრესის მიღწევის აუცილებლობაზე გაკეთდა. ლაშა დარსალიამ ევროკავშირის, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის, მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესში, განსაკუთრებით კი – რუსეთის მხრიდან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების უზრუნველყოფაში ხაზი გაუსვა.
თავის მხრივ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში, საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში აქტიურ და ქმედით ჩართულობაზე მზაობა დაადასტურა.