GWP: დეზინფორმაციაა, რომ თითქოს თბილისში სასმელი წყლის ხარისხი დადგენილ სტანდარტთან შესაბამისობაში არ არის

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თბილისში შესაძლოა სასმელი წყლის ხარისხი შესაბამისობაში არაა დადგენილ სტანდარტთან, დეზინფორმაციას უწოდებს. მათივე ინფორმაციით, სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.
“30 იანვარს, დღის განმავლობაში ვრცელდებოდა დეზინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა თბილისში სასმელი წყლის ხარისხი არ არის შესაბამისობაში დადგენილ სტანდარტთან.
გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებს და ეროვნული რეგლამენტის მოთხოვნებს.
კომპანიის ლაბორატორიის სპეციალისტები სასმელი წყლის ხარისხს ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებენ. წყლის დამუშავება კი ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
​აღსანიშნავია, რომ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის (სსტ ისო/იეკ 17025:2010) შესაბამისად. აკრედიტაციის ცენტრი ყოველწლიურად აკონტროლებს ლაბორატორიების მუშაობის ხარისხს”,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები