გიორგი ლომია: თუ ხელისუფულება პრინციპზე წავა და იტყვის, რომ მურუსიძე, ჩინჩალაძე და ეს ხალხი უნდა იყვნენ სიაში, აქცია გარდაუვალია

თუ ხელისუფლება პრინციპზე წავა და იტყვის, რომ მაინცდამაინც მურუსიძე, ჩინჩალაძე და ეს ხალხი უნდა იყვნენ სიაში, ამ შემთხვევაში, აქცია გარდაუვალია, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
ლომიას თქმით, უვადო მოსამართლეობა უნდა გაუქმდეს, რადგან ამისთვის ქვეყანა მზად არ არის.
„შესაძლებელია მოსამართლეობის კანდიდატების სიაში ისევ აღმოჩნდნენ ის ადამიანები, ვინც ლობირებს ამ ადამიანებს, ბუნებრივია, კიდევ ეცდება, რომ შეიყვანოს ეს ადამიანები სიაში. რამდენად დავუშვებთ ჩვენ და საზოგადოება ამას, რომ ამ ადამიანების გვარები დარჩნენ ამ სიაში?
ჩვენი ქვეყანა არ არის მზად უვადო მოსამართლეობისთვის. უვადოდ როცა ინიშნება მოსამართლე, ის კრისტალურად სუფთა სამართლიანი, მორალური პრინციპებით აღსავსე ადამიანი უნდა იყოს, ერთი – მე არ ვიცნობ ასეთ ადამიანს. მეორეც – ვფიქრობ, იმ სიაში ასეთი ადამიანი ნამდვილად არ იქნება. შეიძლება არის ასეთი ადამიანი, არ ვამბობ რომ არ არის , უნდა მოვძებნოთ. დღესდღეობით ამისთვის მზად არ ვართ. ამისთვის რომ მზად ვიყოთ, წლები უნდა გავიდეს , უნდა აღვზარდოთ ასეთი ადამიანები, მოსამართლეები.
ისმის კითხვა – მოსამართლე , რომელმაც არაერთი პროცესი ჩაატარა და არაერთი პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, ასეთ მოსამართლეს აქვს უფლება რომ დარჩეს სასამართლო სისტემაში? რა თქმა უნდა, არა აქვს. ზოგიერთი ამბობს, ჩვენ თავად ვართ იმ სისტემის მსხვერპლიო. უკაცრავად, მაგრამ მე ხომ არ დაგაძალე იქ მუშაობა? იყვნენ ისეთი მოსამართლეებიც, რომლებმაც თქვეს, ვერ შევასრულებთ პოლიტიკურ დაკვეთებსო და გაათავისუფლეს სასამართლოდან. ასეთი პრინციპული მოსამართლეები უნდა დავაბრუნოთ სასამართლო სისტემაში და არა ისეთები დავტოვოთ, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერი პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ, ოღონდ შეინარჩუნონ თავიანთი სკამები“, – განაცხადა ლომიამ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ლომია საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.
„აქცია უბრალოდ პროტესტის გამოხატვის ფორმა არაა. აქცია არის უკიდურესი გზა შედეგის მიღწევისთვის. შიძლება, აქციამდე არ მივიდეს საქმე თუ ხელისუფლება გონს მოვა და მიხვდება, რომ საზოგადოებას არ სურს მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიზებულები იყვნენ , იქნებიან მომავალშიც, თუ ხელისფულება სხვა კანდიდატებს შემოგვთავაზებს, ამ შემთხვევაში აქციას აზრი არ აქვს. მაგრამ, თუ ხელისუფლება პრინციპზე წავა და იტყვის, რომ მაინცდამაინც მურუსიძე, ჩინჩალაძე და ეს ხალხი უნდა იყვნენ ამ სიაში, ამ შემთხვევაში აქცია გარდაუვალია“, – განაცხადა ლომიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები