სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმე „დონ ჩიჩო“ დახურა

   სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტმა კოსტავას 75-ში მდებარე საშაურმე “დონ ჩიჩოში” (შპს “CHICHO PLUS”) მონიტორინგი ჩაატარა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევით დადგინდა, რომ შაურმა დაბინძურებული იყო მეზოფილური აერობებით, ფაკულტატური ანაერობებით, კოლიფორმებით, ეშერიხია კოლის (E.Coli) ბაქტერიითა და სალმონელათი, რის გამოც საწარმოში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათისა და ცხოველური საკვების ინსპექტირების დეპარტამენტმა საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორი 1000 ლარით დააჯარიმა.
საწარმოს დახურვის საფუძველი კრიტიკული შეუსაბამობები გახდა – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა და სხვ.
საშაურმე “დონ ჩიჩოს” კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა შაურმისა და სხვა საკვები პროდუქტების რეალიზაციის უფლება. სურსათის ეროვნული სააგენტო კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ ობიექტს კვლავ გადაამოწმებს და საშაურმე მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები