ირინა ფრუიძის თავმჯდომარეობით, ევროპარლამენტში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული ქვეყნების სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების – საქართველო, მოლდოვა, უკრაინა – სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა, სადაც ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საპარლამენტო ჩართულობის ინსტიტუციურ მექანიზმებზე იმსჯელეს.
როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, სხდომის თანათავმჯდომარემ, ირინა ფრუიძემ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე და პარლამენტის ახალ რეგლამენტზე ისაუბრა, რომელიც მიზნად პარლამენტის საკანონმდებლო და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებას და გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას ისახავს.
„ეს ცვლილებები უფრო ეფექტიანს გახდის პარლამენტის მუშაობას და ხელს შეუწყობს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას”, – განაცხადა ირინე ფრუიძემ.
სხდომაზე, ექსპერტმა კატარინა ვოლჩუკმა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებების განხორციელების ინსტიტუციური მექანიზმების შესახებ, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დაკვეთით ჩატარებული კვლევა წარადგინა.
კვლევის თანახმად, ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელებას პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მაკოორდინირებელი მექანიზმები და ინსტიტუციური შესაძლებლობები სჭირდება.„სამივე ასპექტი მოიცავს პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო და მაკონტროლებელი ორგანოს აქტიურ ჩართულობას ასოცირების პროცესში”, – აღნიშნა ექსპერტმა.
უკრაინისა და მოლდოვას დელეგაციების ხელმძღვანელებმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში თავიანთ ქვეყნებში არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს.
სამუშაო ჯგუფის სხდომაში საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პარლამენტების დელეგაციები, ევროპარლამენტის წევრები და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
საქართველოს პარლამენტიდან სხდომის მუშაობაში ირინა ფრუიძე და გიორგი მოსიძე მონაწილეობდნენ.