არეშიძე: ბესელიამ შესაძლოა, თავისი ავტორიტეტი და სახელი დათმოს, მაგრამ მოსამართლეების თემას არ დათმობს

თუ ვინმეს ვინმეზე აქვს კომპრომატი, მათ შორის ეკა ბესელიასაც აქვს ზოგიერთ მათგანზე, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
არეშიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის შესაძლო გავრცელებას გამოეხმაურა.
„თუ არ გარიცხეს ეკა ბესელია ფეხის გამდგმელი არ არის არსად, სხვა ტიპის პოლიტიკური მოღვაწეა. რაც არ უნდა ნაწყენი იყოს, კარგად აწონ-დაწონის სიტუაციას და ყველაზე უკეთეს გადაწყვეტილებას მიიღებს იმისათვის, რომ საქმე გამოვიდეს. გუნდიდან წასულ ბესელიას ვეღარ ექნება ბერკეტები სასამართლო პროცესზე ზემოქმედებისთვის, ამას პირობითად სასამართლო პროცესი დავარქვათ.
მან, შეიძლება, თავისი ავტორიტეტი და სახელი დათმოს, მაგრამ ამ საქმეს, მოსამართლეების თემას არ დათმობს. ასეთი პიროვნებაა. დიდი ხანია ვიცნობ და ვიცი. თუ თავს მართლად გრძნობს და თვლის, რომ ეს საქმე სამართლიანია, ბოლომდე მიყვება. ეკა საკითხს დააყენებს ასე: ჩემი პოლიტიკური კარიერა გადამიხაზავს, მაგრამ ამათ მაინც არ გავახარებ.პრინციპულობის ამბავია. თან ამის გაკეთება შეუძლია, თუ ვინმეს ვინმეზე აქვს კომპრომატი, მათ შორის ეკა ბესელიასაც აქვს ზოგიერთ მათგანზე კომპრომატი“, – განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი გავრცელდა. ეკა ბესელია ამ თემაზე საგამოძიებო ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები