ირაკლი კოვზანაძე სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში მოქმედი 17 სადაზღვევო კომპანიიდან 13 კომპანიის მენეჯერი ესწრებოდა, ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს.
„შეხვედრამ საქმიან, სამუშაო რეჟიმში ჩაიარა. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც სადაზღვევო ინდუსტრიისთვის დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და აქტუალურია, კერძოდ, ამ ბიზნესში კონკურენტუნარიანი გარემოს გაუმჯობესება და შენარჩუნება. სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლებმა არსებული პრობლემების დაძლევის საკუთარი ხედვები წარმოადგინეს. შევთანხმდით, რომ ჩვენს კომიტეტში მათ წინადადებებს განვიხილავთ, დავეხმარებით დაინტერესებულ მხარეებთან მედიაციასა და საკანონმდებლო ინიციატივებად გარდაქმნის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.