“კანდიდატების სიაში, შეიძლება, ერთი-ორი გვარი შეიცვალოს, მაგრამ კვლავ მოსამართლეების კლანის ინტერესების გამომხატველი იქნება“
პარლამენტში წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სიის შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავებული არ იქნება, შეიძლება, ერთი-ორი ადამიანის სახელი და გვარი შეიცვალოს, მაგრამ მთლიანობაში. ეს სია კვლავ მოსამართლეების კლანის ინტერესების გამომხატველი იქნება, – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ. ალექსანდრე ბარამიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცადა.
ბარამიძის თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი საზოგადოებისთვის მისაღებ შედეგს არ მოიტანს.
„მე არ მგონია, რომ ეს ფორმატი რაიმე ნორმალურ, საზოგადოებისთვის მისაღებ შედეგს მოიტანს. საქმე ისაა, რომ ამ ფორმატში წამყვანი სიტყვა კვლავ ეკუთვნის იმ კლანს, რომელზეც არის საუბარი საზოგადოებაში უკვე დიდი ხანია. მოსამართლეების ამ კლანს ხელში აქვს ჩაგდებული სასამართლო ხელისუფლება, ეს არის განხორციელებული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის მფარველობით, ხელშეწყობით და წაქეზებით. ეს არის რაღაცნაირი შეთანხმება საზოგადოების ზურგს უკან „ქართული ოცნების“ ელიტასა და მოსამართლეთა კლანს შორის, რომ ეს კლანი საბოლოოდ გაბატონდეს სასამრთლო ხელისუფლებაში. მოგეხსენებათ, რომ ისინი თავიდან ბოლომდე აკონტროლებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ამ ძალიან მნიშვნელოვან ორგანოს სასამართლო ხელისუფლებაში, რომელიც პასუხს აგებს მოსამართლეთა დანიშვნაზე, გათავისუფლებაზე, დისციპლინურ დევნაზე, სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ისინი, ფაქტობრივად, მთლიანად აკონტროლებენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებს. ერთადერთი ციტადელი მართლმსაჯულების სისტემაში, რომელიც მათ ჯერჯერობით არ დაუპყრიათ, ვერ მოახერხეს აქამდე, არის სწორედ საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამიტომაც იყო, რომ მათ საზოგადოების და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ზურგს უკან, ნაჩქარევად, ფარულად შეიმუშავეს ის 10-კაციანი სია, რომელიც შემდეგ ასე უცერემონიოდ გადაუგდეს პარლამენტს დასამტკიცებლად. ახლა, საზოგადოებაში პროტესტის ფონზე მიმდინრეობს რაღაც მცდელობა, რომ მოხდეს ლეგიტიმაცია, თუ კონკრეტულად ამ სიის არა, რაღაც მსგავსის მაინც. ამისთვის, რაღაც შეხვედრები იმართება, რაღაც ფორმატებში, რომ კრიტერიუმებზე შეჯერდნენ და ა.შ. – ეს ყველაფერი ფარსია.
საბოლოო ჯამში, რაღაც კრიტერიუმებს კი მივიღებთ, მაგრამ პარლამენტში წარდგენილი ახალი სიის შემადგენლობა მნიშვნელოვნად განსხვავებული ამ სიისგან არ იქნება, შეიძლება, ერთი-ორი ადამიანის სახელი და გვარი შეიცვალოს, მაგრამ მთლიანობაში ეს სია კვლავ იმ კლანის ინტერესების გამომხატველი იქნება“, – განაცხადა ბარამიძემ.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა , სადაც შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.
„ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი – გვსურს დამოუკიდებელი სასამართლოს განმტკიცება, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის განმტკიცება და ზუსტად ამ მიზნით უნდა შემუშავდეს ის პროცედურა და კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც აირჩევიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები საქართველოს პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა.
უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საბჭომ თუ მურუსიძემ მოგვიყვანეს ის ადამიანები, ვინც უშუალოდ იყო იმ 10-კაციან სიაში, მათ შორის მოსამართლეები: ქადაგიძე, ცისკაძე, ალანია და სხვები. ჩემთვის მიუღებელია, რომ ადამიანები, რომლებიც თავის დროზე დათანხმდნენ ამ სიაში ყოფნას და ამ ფორმით, შემდგომ უკვე პარლამენტში წარდგენას, მსჯელობდნენ კრიტერიუმებზე და პროცედურებზე. ჩემთვის ცალსახაა, რომ მათ აქვთ პირადი დაინტერესება, რომ ისევ მოხვდნენ სიაში და შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რაც მათ საშუალებას მისცემს, პარლამენტში კიდევ ერთხელ იყვნენ წარდგენილნი და მათ სასარგებლოდ მოხდეს კენჭისყრა“,- განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრის პარალელურად სასამართლო სისტემაში რეალური ცვლილებების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები იუსტიციის საბჭოს იმ წევრების გადადგომას ითხოვენ, რომლებმაც 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატს მხარი დაუჭირეს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტს დასამატკიცებლად გაეგზავნა. სიაში იყვნენ: მიხეილ ჩინჩალაძე; გიორგი მიქაუტაძე; მარიამ ცისკაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; დიმიტრი გვრიტიშვილი; მერაბ გაბინაშვილი; ნინო სანდოძე; თამარ ალანია; გიორგი ტყავაძე.
21 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა განცხადება გაავრცელეს და პარლამენტს სთხოვეს, მათი კანდიდატურების განხილვას შემდგომი მსვლელობა არ მიეცეს.
ამას წინ უძღოდა არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი პარტიის ცალკეული დეპუტატებისა , საზოგადოების ნაწილის კრიტიკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატების მიმართ.
თამუნა შეყილაძე