“უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით” – პატრიარქმა მრევლს ნინოობა მიულოცა
“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს – ნინოობას. წმინდა ნინოს ლოცვა გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ბრძანა, სადაც თანამოსაყდრე შიოსთან ერთად, წირვა აღავლინა.
“მინდა, გავიხსენო ჩემი ოჯახი. ჩვენ სახლში გვქონდა ხატების დიდი კუთხე. იქ აუცილებლად იყო სამი ხატი -საქართველოს დიდება, მამა ღმერთი და წმინდა ნინოს ხატი. მქონდა ასეთი ჩვენება: მყავდა უფროსი ძმა თეიმურაზი, ახალგაზრდა გარდაიცვალა, 28 წლის. ის გამომეცხადა. ვკითხე, ლოცულობდა თუ არა ჩემთვის. რა თქმა უნდა, ვლოცულობო, ეს ხალხი ყველა ლოცულობსო და მიჩვენა საქართველოს დიდების ხატი. დიდება და მადლობა უფალს წყალობისთვის!
წმინდა ნინო არის მფარველი კაბადოკიელი. ყველას გვიკვირს, ასეთი ახალგაზრდა ქალიშვილი როგორ წამოვიდა საქართველოში, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ხდება ღვთის ლოცვა-კურთხევით. ჩემი ძმა – თეიმურაზი როცა გახდა ავად, მე ვიყავი მერვე კლასში. მითხრა, ირაკლი, მოდი აქო. მივედი და მითხრა, შეხედე, ვინ მოვიდა ჩვენთან, წმინდა ნინოაო. შეგვეწიოს წმინდა ნინოს ლოცვა-კურთხევა!“ – ბრძანა ილია მეორემ წირვის შემდეგ, ქადაგებისას.