მარაბდა-კარწახის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა 2015 წელს დასრულდება
რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარაბდა-ახალქალაქი-კარწახის სარკინიგზო უბანი მოინახულა.
შპს მარაბდა-კარწახის გენერალურმა დირექტორმა ოლეგ ბიჭიაშვილმა პრემიერს სარკინიგზო მონაკვეთზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერებინა.
მისი განმარტებით, პროექტის განვითარება ხდება შეფერხებებისა და პრობლემების გარეშე და დასრულდება დაგეგმილ დროს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ პროექტის შედეგად ქვეყნის ტვირთბრუნვა და სატრანზიტო შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც უდიდეს სტიმულს მიცემს ეკონომიკურ ზრდას.
ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია აზია-ევროპის სარკინიგზო დერეფნის განვითარება, გათვალისწინებულია მარაბდა-კარწახის 180კმ სიგრძის სარკინიგზო უბნის რეაბილიტაცია, რეკონსტრუქცია და მშენებლობა, რომელიც შედგება: მარაბდა-ახალქალაქის სარეკონსტრუქციო სარეაბილიტაციო უბნისგან – საექსპლუატაციო სიგრძით 153 კმ და ახალქალაქი-კარწახი-თურქეთის საზღვარი – 27კმ სიგრძის ახალი სამშენებლო უბნისგან.
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. 2014 წლის ბოლოსათვის დაგეგმილია სატესტო/სამუშაო მატარებლის გავლა, ხოლო პროექტის დასრულება იგეგმება 2015 წლისათვის.