კულტურის სამინისტრო 26 მაისის კულტურული ღონისძიებების გრაფიკს აქვეყნებს

   26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები საქართველოს 12 ქალაქში გაიმართება. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისი წელს განსაკუთრებულად აღინიშნება. თბილისთან ერთად სადღესასწაულო ღონისძიებები 11 ქალაქში გაიმართება, კერძოდ, ქუთაისში, ფოთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, მცხეთაში, თელავში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში და ბათუმში.
“საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ორგანიზებით, 2014 წლის 26 მაისი დიდი სახალხო ზეიმი იქნება, სადაც თითოეულ მოქალაქეს შეეძლება მონაწილეობის მიღება. 12 ქალაქი ერთიანი სცენარით აღნიშნავს დამოუკიდებლობის დღეს. გადაკეტილ პროსპექტებზე არსებული კაფე-ბარები სადღესასწაულო გამოფენა-გაყიდვას მოაწყობენ; თბილისში პირველი გიმნაზიის წინ “ყვავილების ზეიმი” მოეწყობა, ხოლო ოპერის წინ მხატვრები განლაგდებიან; პროსპექტზე პანტომიმისა და სხვადასხვა თეატრის მსახიობები ივლიან. მოძრაობის თეატრი მცირე პერფორმანსებს დადგამს. მთავარ გამზირზე ბავშვებისთვის გასართობი ცენტრებიც მოეწყობა. რუსთაველის გამზირზე განთავსდება სამინისტროების კარვები, რომლებიც საინფორმაციო და გასართობი კუთხით იქნებიან წარმოდგენილი”, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, დედაქალაქში წარმოდგენილი იქნება 2 მთავარი სცენა: პარლამენტის წინ და ევროპის მოედანაზე, სადაც 12:00–21:00 საათამდე, წინასწარ შედგენილი პროგრამის მიხედვით, ქართველი შემსრულებლების კონცერტები გაიმართება. ამავე სცენებზე გაიმართება 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებების ფინალური კონცერტები, სადაც გამოვლენ ფოლკლორული ანსამბლები და შემოქმედებითი კოლექტივები.
ამასთან მცხეთაში, სვეტიცხოვლის გალავანთან სცენა მოეწყობა, სადაც კონცერტი გაიმართება.
ქალაქებში სადღესასწაულო ღონისძიებების ბოლოს შესრულდება ჰიმნი და იქნება ფეიერვერკები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები