ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი: ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას
ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ სასამართლოს სხდომაზე განაცხადა.
გეგეშიძე ამბობს, რომ თანამდებობიდან მისი ჩამოშორება, ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას.
„თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე მთლიანად ოთხი წლის განმავლობაში. მაქვს საერთაშორისო ვალდებულებები, ვატარებ მსოფლიო ჩემპიონატს და ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას“, – განაცხადა გეგეშიძემ.
საქალაქო სასამართლომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
ასევე, სასამართლომ გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზეც დატოვა.
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 22 იანვარს დააკავეს.