“6 მიკროავტობუსი ემსახურებათ და არანაირ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია”-უგულავას როსტომაშვილი პასუხობს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლის დირექტორი დავით როსტომაშვილი გიგი უგულავას მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ამბობს, რომ სკოლაში ტრანსპორტირების პრობლემა არასდროს მდგარა.
დავით როსტომაშვილი ფაქტს, რომ, თითქოსდა, ტრანსპორტის არარსებობის გამო, სოფელ კაზლარიდან ბავშვები ლამბალოს სკოლაში ფეხით დადიან, კატეგორიულად უარყოფს.
„ორშაბათიდან დავიწყეთ სწავლა, ტრანსპორტი მუშაობს ნორმალურად. წარმოიდგინეთ, 5 კილომეტრზე სამასი ბავშვია გადმოსაყვანი, როგორ შეიძლება ამ მანძილზე ფეხით ვატაროთ ბავშვები. 6 მიკროავტობუსი ემსახურებათ და არანაირ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. ერთი სატრანსპორტო საშუალებაც რომ გამოვიდეს მწყობრიდან, სხვა მიკროავტობუსს ქირაობენ მძღოლები, რეისი რომ არ ჩაუვარდეთ”, – აცხადებს დავით როსტომაშვილი.
გიგი უგულავას მიერ გაჟღერებულ განცხადებას საგარეჯოს მერის მოადგილე პაატა ასრათაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 26 სკოლაა და არცერთ მათგანში ტრანსპორტის მომსახურების პრობლემა არ დგას.
„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას ინფორმაციით, 21 იანვარს საქართველოს 36 რაიონის 100-ზე მეტი სკოლის ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშე დარჩა და ათობით კილომეტრის გავლა სკოლამდე ფეხით მოუწია.
მისივე თქმით, საგარეჯოს რაიონის ლამბალოს სკოლაში, ტრანსპორტის არარსებობის გამო, მოსწავლეები 10 კილომეტრით დაშორებული სოფელი კაზლარიდან ფეხით მივიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები