შსს-ს აკადემიას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ესტუმრნენ
შსს-ს აკადემიას, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ეწვივნენ. სტუმრებს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა უმასპინძლა და აკადემიის სასწავლო პროგრამა გააცნო.
შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს წარუდგინეს პრეზენტაცია – „სწავლება აკადემიაში“. შს სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აკადემიის რექტორმა სტუდენტებისთვის საინტერესო საკითხებზე, აკადემიაში არსებულ სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ, პოლიციის უწყებებში კადრების მიღების პროცედურებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
პრეზენტაციის დასასრულს სტუდენტებმა აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები დაათვალიერეს. შსს-ს აკადემიასა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის, „განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებელთა, ინსტრუქტორთა, სტუდენტების და აკადემიის მსმენელთა კვალიფიკაციის ამაღლების და გამოცდილების გაზიარების მიზნით, გაცვლითი პროგრამები, სასწავლო ვიზიტები და სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=p2uA6Qd98OQ” width=”560″ height=”315″]