საგარეჯოს მერია გიგი უგულავას სიცრუეში ადანაშაულებს: სკოლებს რეგულარულად ემსახურებიან მიკროავტობუსები
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგი უგულავას განცხადებას, რომ საქართველოს რეგიონებში ასზე მეტი სკოლა და ათასობით მოსწავლე სატრანსპორტო მომსახურების გარეშეა დარჩენილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია სიცრუეს უწოდებს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იანვრის არდადეგების შემდგომ სწავლის გაგრძელებას სრულად მომზადებულები შეხვდნენ, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებით.
“სიცრუე და დეზინფორმაციის შეგნებულად გავრცელებაა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადება, რომ თითქოს 21 იანვარს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეები ტრანსპორტის გარეშე დარჩნენ და ათობით კილომეტრის გავლა ფეხით მოუწიათ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები იანვრის არდადეგების შემდგომ სწავლის გაგრძელებას სრულად მომზადებულები შეხვდნენ, მათ შორის სატრანსპორტო მომსახურებით. 21 იანვრიდან სკოლებს რეგულარულად ემსახურებიან სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსები. შესაბამისად, 21 იანვარს სკოლის მოსწავლეები უზრუნველყოფილი იყვნენ სასკოლო ტრანსპორტით”, – აცხადებენ საგარეჯოს მერიაში.