იურისტი მერიას: თქვენ არ ხართ დამოკიდებული სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებლის მანიპულაციურ არგუმენტებზე
ორგანიზაცია “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის” წარმომადგენლის, იურისტ ანანო ცინცაბაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ინვესტორი გადაწყვეტს, ხელახლა მოითხოვოს ვაკის პარკში მშნებლობის ნებართვა, მერიას აქვს მყარი ბერკეტები, უარი უთხრას ინვესტორს. ამის შესახებ ანანო ცინცაბაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობის უფლება ვადაგასულია. იურისტის განმარტებით, სამართალწარმოების მიმდინარეობის პარალელურად, მშენებლობის ვადის გასაგრძელებლად დაწყებული წარმოების ფარგლებში, ინვესტორმა ვერ შეძლო დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრა და მშენებლობის უფლების ვადის გაგრძელება.
როგორც ცინცაბაძე აცხადებს, ინვესტორს დღეს არ აქვს უფლება, სასტუმრო ააშენოს.
„თუ ინვესტორი გადაწყვეტს, ხელახლა მოითხოვოს მშენებლობის ნებართვა, მერიას, მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, აქვს მყარი ბერკეტები უარი უთხრას ინვესტორს.
სასამართლომ იმსჯელა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე – რა პროცესით გაიცა წინა მშენებლობის ნებართვა, ანუ უშუალოდ იმსჯელა ადმინისტრაციულ პროცესზე. სამი ინსტანციის გავლის შემდგომ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონთან შესაბამისად. ამ სამართალწარმოების პარალელურად მშენებლობის ნებართვას, რომლის კანონიერებაზეც მსჯელობდა სასამართლო, ჰქონდა ძალა. 2016 წლის მიწურულს ინვესტორმა მიმართა მერიას და უთხრა, რომ მშენებლობის უფლებას გასდიოდა ვადა და სთხოვა გაგრძელება. მერიამ დაუდგინა რაღაც ხარვეზები, ინვესტორმა ვერ შეძლო ამ ხარვეზების აღმოფხვრა, შესაბამისად, არ მოხდა მშენებლობის ვადის გაგრძელება. ცალსახად ვაცხადებ, მშენებლობის ნებართვას, არც სხვა დოკუმენტაციას არ აქვს ვადა. ვადა აქვს მშენებლობის განხორციელების უფლებას. მშენებლობის ნებართვაში წერია – განხორციელდეს მშენებლობა 2016 წლის ნოემბრამდე. არ წერია, რომ ამ დოკუმენტს აქვს ეს და ეს ვადა. ეს მოცემულობა რომ გავიაზროთ, ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მშენებლობის ნებართვა რამდენიმე სტადიად გაიცემა – 4 სტადია აქვს, რომელიც საბოლოოდ სრულდება მშნებლობის ნებართვის აქტის გამოცემით. სხვადასხვა სტადიაზე, ასევე გაიცემა სხვადასხვა აქტი და ნებართვა. ტერმინი სპეცნებართვა ჩვენს კანონმდებლობაში არ არსებობს, სავარაუდოდ, ინვესტორიც და მერიაც გულისხმობენ ზონალურ შეთანხმებას, რომელიც არის მშენებლობის ნებართვის მესამე სტადიაზე გასაცემი დოკუმენტი. ის არ არის აუცილებელი დოკუმენტი. ჩვენი აზრით, არის კანონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი, მხოლოდ ზონალური შეთანხმებითაა შესაძლებელი, მაგალითად, სარეკრეაციო ზონაში, სადაც აკრძალულია სხვა მხრივ მშენებლობა, მშენებლობის დაშვება. ზონალური შეთანხმება ერთ კონკრეტულ მშენებლობას მიემართება. დავუბრუნდეთ ვაკის პარკის თემას – აქ მოთხოვნილი იყო ის, რომ არამხოლოდ სარეკრეაციო ზონაში ჩაედგათ სასტუმრო, არამედ მიეცათ უფლება ჩაედგათ იმაზე დიდი, ვიდრე შესაძლებელია, კანონით იყოს დაშვებული. ამის დასაკმაყოფილებლად 2013 წელს უგულავამ გასცა ზონალური შეთანხმება. მშენებლობის ნებართვა, ზონალური შეთანხმება, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები და სხვა აქტები იძლევა მშენებლობის კონკრეტული პარამეტრების განსაზღვრის შესაძლებლობას. ყველა ეს პარამეტრი უნდა დასრულდეს და აშენდეს იმ ვადაში, რა ვადაც მშენებლობის უფლებითაა განსაზღვრული. ამიტომ, მერიაც და ინვესტორიც არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებენ, როცა ამბობენ, რომ უვადოა ზონალური შეთანხმება. ზონალური შეთანხმება უვადო არ არის, ისევე როგორც, სხვა სტადიაზე გაცემული დოკუმენტები. ყველა დოკუმენტი ადგენს კონკრეტულ დეტალებს ერთი მშენებლობისთვის – ვაკის პარკის სასტუმროს მშენებლობისთვის. ამ მშენებლობის ვადა განსაზღვრული იყო 2016 წლის სექტემბრის ჩათვლით. ეს ვადა გავიდა და ინვესტორს დღეს არ აქვს უფლება ააშენოს სასტუმრო“, – განმარტა იურისტმა.
ცინცაბაძის თქმით, მერიას წერილით მიმართეს, რათა ვაკის პარკის მხარდამჭერ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართოს.
„გავაკეთეთ საჯარო მიმართვა, სადაც ამ არგუმენტაციის სამართლებირვ დეტალებზე ვისაუბრეთ, მეტ-ნაკლებად. შევთავაზეთ მერიას შეხვედრა იმისთვის, რომ გავუზიაროთ ეს სამართლებრივი არგუმენტები და ვუთხრათ, რომ თქვენ არ ხართ დამოკიდებული ინვესტორის მანიპულაციურ არგუმენტებზე, თქვენ გაქვთ მყარი სამართლებრივი არგუმენტები და ამ არგუმენტებით ესაუბრეთ ინვესტორსაც და საზოგადოებასაც“, – განაცხადა იურისტმა.
მერიისადმი გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ თბილისის მერიამ ახალი ნებართვის გაცემის პროცესში უნდა იმსჯელოს იმ ფაქტზე, რომ 2017 წლის ივლისში გაიზარდა ვაკის პარკის საზღვრები და მთელს სივრცეს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ამას გარდა, ყურადღება გაამახვილოს კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე, რომ ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლით პირდაპირ დამკვიდრდა მოქალაქეთა უფლება, ისარგებლონ საჯარო სივრცით.
„ვაკის პარკში სასტუმროსა და სხვა ნებისმიერი ტიპის ნაგებობის განთავსება, მიუღებელია ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობისათვის. საკითხის მიმართ ამგვარი მიდგომა გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ქალაქის უამისოდაც კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ეკოლოგიურ გარემოს, უგულებელყოფს საზოგადოების მოთხოვნას და შექმნის საზიანო პრეცედენტს მომავალში ეკოსისტემური სერვისების დაცვისა და განვითარების პროცესისათვის. ამასთან, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სადავო ტერიტორია ვაკის პარკის საზღვრებშია, წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას და მასში მშენებლობის დაშვება, ეწინააღმდეგება კანონსა და საჯარო ინტერესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია მშენებლობის ნებართვის ხელახლა მისაღებად, ინვესტორის მოთხოვნაზე უარის თქმით, ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას ეს საკითხი”, – ნათქვამია ვაკის პარკის მხარდამჭერი საზოგადოების წერილში.
შეგახსენებთ, გუშინ თბილისის მერიაში სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელთან შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ვაკის პარკში დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ისაუბრეს.
„მერია ძველებურად ხელების გადაგრეხაზეა გადასული, მათი პირობები ჩვენთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ სასტუმრო “ბუდაპეშტის” დამფუძნებელმა გიორგი ზაქაიძემ თბილისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„გველაპარაკებიან, რომ ავაშენოთ რაღაც პატარა რესტორანი, ან გავცვალოთ მიწის ნაკვეთი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს. 5 წელი სასამართლოში ვიბრძოდით, რომ აღგვედგინა უფლებები და დღეს ისევ იმავეს აკეთებენ. ამ 5 წლის განმავლობაში ჩვენთვის არავის არაფერი შემოუთავაზებია”, – განაცხადა ზაქაიძემ.
დედაქალაქის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ დამფუძნებელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია, ვაკის პარკში, 30-მეტრიანი სასტუმროს ასაშენებლად მშენებლობის ნებართვა გასცეს.
„ჯერ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ის თანხმობას არ აცხადებს არც მონაცვლეობაზე და არც პარამეტრების შემცირებაზე“,- განაცხადა ხმალაძემ.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით “მწვანე ალტერნატივის” საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო, რითაც უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მერიას ხელახლა დაავალა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვის გაცემის განხილვა.
“მწვანე ალტერნატივის” განცხადებით, თითქმის 5-წლიანი სასამართლო დავის შედეგად, ძალაში დარჩა თბილისის მერის, გიგი უგულავას 2013 წლის 24 ივლისის #1592 განკარგულება, რომლითაც ილია ჭავჭავაძის გამზირის #68-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ვაკის პარკის ტერიტორიაზე, გაიზარდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები და სასტუმროს განთავსების მიზნით სპეციალური (ზონალური) შეთანხმება დამტკიცდა.
ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობას აქტივისტები აპროტესტებდნენ. ისინი პერმანენტულ აქციებსაც მართავდნენ, ვაკის პარკში გაშლილი ჰქონდათ კარვები, ხოლო მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი, რათა ინვესტორს მშენებლობა არ გაეგრძელებინა.
თამუნა შეყილაძე