“სალომე ზურაბიშვილის არჩევა მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას”

„სალომე ზურაბიშვილის არჩევა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას”, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ფრანგმა პოლიტიკოსმა მარივონ ბლონდინიმ.
მისი თქმით, თბილისსა და ბრიუსელს შორის კავშირი უნდა გაძლიერდეს.
„მე მონაწილეობა მივიღე როგორც წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, ისე არჩევნების დროს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს დელეგაციას შორის ბრწყინვალე ურთიერთობაა. საქართველო ეტაპობრივად გადადის საპარლამენტო წყობაზე, რომელიც 2024 წელს დასრულდება. სახელმწიფო მეთაურს ექნება ნაკლები უფლებამოსილება და აირჩევა საარჩევნო კოლეგიის მიერ. ეს იყო ბოლო სახალხო საპრეზიდენტო არჩევნები. ამასთან დაკავშირებით, ყურადღება მინდა გავამახვილო საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაზე. თუმცა ქვეყანაში სიტუაცია მაინც რთულია სიღარიბის მაღალი დონის გათვალისწინებით და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული ტერიტორიული კონფლიქტის გამო. რა თქმა უნდა, პროგრესი საჭიროა. საპრეზიდენტო არჩევნებმა დემოკრატიულად ჩაიარა. კამპანია იყო პლურალისტური და პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებული. მე მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილის არჩევა არის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დაახლოებას ევროკავშირთან. ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში საქართველო მონაწილეობს. თბილისსა და ბრიუსელს შორის კავშირი უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა ბლონდინიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები