ეკონომიკის სამინისტრო გაზგამანაწილებელი კომპანიებისა და აბონენტების მიმართ რეგულაციებს ამკაცრებს
ეკონომიკის სამინისტრო გაზმომარაგებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს ამკაცრებს. ამის მიზეზად, თბილისში ბუნებრივი აირით გამოწვეული მოქალაქეთა სიკვდილიანობის ფაქტები სახელდება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განცხადებით, რეგულაციები უნდა გამკაცრდეს როგორც კონკრეტული გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ, ასევე, თავად აბონენტებისთვისაც, რათა თავიდან ავიცილოთ ისეთი შემთხვევები, როგორიცა, ბუნებრივი აირის გაჟონვა.
„სამინისტრო მუშაობს არსებული კანონის გამკაცრებაზე. პირველ რიგში ეს არის ტექნიკური რეგლამენტები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავამკაცროთ კიდევ უფრო მოთხოვნები იმ კომპანიების მიმართ ვინც ახორციელებს გაზგაყვანილობის მონტაჟს, როგორც კორპუსებში ასევე ცალკეულ ბინებში. მეორე მიმართულება არის ჩვენი ასევე გამკაცრებული მოთხოვნები ასევე გაზგამანაწილებელი კომპანიების მიმართ. კონტროლი მკაცრდება მაგრამ იმავდროულად გვინდა რომ აღვჭურვოთ ისინიც დამატებითი ბერკეტებით რათა უფრო ოპერატიულად ახორციელონ თავიანთი საქმიანობა და შემოწმება. და მესამე მიმართულება, რომელიც ყოვლად აუცილებელია, ჩვენ ავამაღლებთ ცნობიერებას და დამატებით განმარტებებს გავუკეთებთ მომხმარებლებს თუ როგორ დაიცვას საკუთარი უსაფრთხოება გაზთან მიმართებაში”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვარკეთილში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. 16 იანვარს კი, დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.