ზესტაფონის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები საზეიმოდ გაიხსნა
მილენიუმის პროექტის ფარგლებში, 21 იანვარს, ზესტაფონის ორ სრულიად განახლებულ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო. ესენია „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიერ რეაბილიტირებული ზესტაფონის მე-6 და მე-7 საჯარო სკოლები, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობდა.
საზეიმო გახსნაზე იმყოფებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – ნათია ზედგინიძე, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს ”აღმასრულებელი დირექტორი – მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – მარიამ ჯაში, იმერეთის გუბერნატორი – შავლეგო ტაბატაძე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
2019 წლის ამ ეტაპისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა 11 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა. 2015 წლიდან პროექტის ფარგლებში 69 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მოხდა, რის შედეგადაც რეგიონებში მცხოვრები 29,000-ზე მეტი მოსწავლისათვის გაუმჯობესდა სასწავლო გარემო. პროექტს ამერიკის მთავრობა აფინანსებს და საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.
საზეიმოდ გახსნის შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს სასკოლო ინფრასტრუქტურა, საკლასო ოთახები, სპორტული დარბაზები და ლაბორატორიები; სასწავლო პროცესის აღდგენა მიულოცეს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მთელს მუნიციპალიტეტს.
„განათლებაში ინვესტირება ყველაზე მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ინვესტიციაა. მიხარია ამდენ გაბრწყინებულ სახეს რომ ვხედავ. ვულოცავ მოსწავლეებს და მთლიანად განათლების სისტემას. მჯერა, რომ ასეთ გარემოში სწავლა ნამდვილად აისახება განათლების ხარისხზე, რისთვისაც პირველ რიგში მადლობას ვუხდით ათასწლეულის გამოწვევის ფონდს“,- აღნიშნა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა.
„გილოცავთ ამ მეტად მნიშვნელოვან დღეს! მოხარულნი ვართ, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე მილენიუმის სამი საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება- მალე გაიხსნება დილიკაურის საჯარო სკოლაც. პირველ რიგში ვულოცავ მოსწავლეებს, მასწავლებლებს, ვულოცავ სკოლებს, საგანმანათლებლო სისტემას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტს და სრულიად საქართველოს. მადლობას ვუხდით ათასწლეულის გამოწვევის ფონდს უდიდესი საგანმანათლებლო მისიის შესრულებისთვის!“, – განაცხადა კახაბერ მახათაძემ.
ორივე სკოლის მოსწავლეები სტუმრების წინაშე საზეიმო ღონისძიებებით წარსდგნენ.