“ამ პროგრამას ბევრი დადებითი ეფექტი ექნება” – რა შესაძლებლობები უჩნდებათ “შავი სიიდან” გათავისუფლებულ მოქალაქეებს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” თავმჯდომარე, შოთა გულბანი ვადაგადაცილებული სესხების პატიების პროგრამის დადებით ეფექტებზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს.

შოთა გულბანი შესაბამის მიმოხილვას “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“ოფიციალურ მონაცემებს თუ ვენდობით, 609 ათასზე მეტ მსესხებელს ეპატია სესხი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 4 მილიარდს გადააჭარბა. რა თქმა უნდა, არავის სჯერა, რომ ამ მოცულობის თანხა გადაირიცხა საფინანსო კომპანიებში. რეალურად, ძალიან მცირე პროცენტში მოხდა ამ სესხების გამოსყიდვა, თუმცა ამ ეტაპზე, ეს ნაკლებად მნშვნელოვანია. რეალურად კი ძალიან მაგარი რამ მოხდა და ამ პროგრამას ბევრი დადებითი ეფექტი ექნება.
მაგალითად:
609 ათასზე მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ სესხი ხელახლა აიღოს და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას, გამოვიდეს სამალავიდან. ეს შესაძლებელია, თუ შემოსავლის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენ, რასაც აქამდე არ აკეთებდნენ, იმის გამო, რომ საფინანსო კომპანია წაართმევდა;
609 ათასზე მეტ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, რომ საკრედიტო ისტორია შეცვალოს, გამოასწოროს, გაიუმჯობესოს და ესეც, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. როგორ? მაგალითად, ყიდულობ რაიმე ნივთს განვადებით, რომლის გადახდის შესაძლებლობაც გაქვს და იხდი მას კეთილსინდისიერად. ასე გაიმეორებ რამდენიმეჯერ და საკრედიტო ისტორიის ქულაც თანდათან უმჯობესდება;
ამ 609 ათას ადამიანში, ბევრია ისეთი, რომელსაც შემოსავალი გააჩნია, მაგრამ მალავს, რითაც ბიუჯეტს საშემოსავლო გადასახადი აკლდება. წესით, განულებული სესხების შემდეგ, დასაქმებულს მოტივაცია აღარ უნდა ჰქონდეს, რომ შემოსავალი დამალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას საკრედიტო ორგანიზაცია სესხს არ მისცემს;
ამ 609 ათასი ადამიანისთვის უიმედო სესხების პატიებით, ვამცირებთ ჩრდილოვანი ეკონომიკის სექტორის წილს და შესაძლებლობას ვაძლევთ მათ, ეკონომიკურ აქტივობაში ლეგალურად ჩაერთონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეკონომიკას ხალხი ქმნის. მთავრობამ ზურგი არ უნდა აქციოს იმ ადამიანებს, რომლებიც გაჭირვების გამო ეკონომიკურ პროცესებს აბსოლუტურად გამოთიშულნი არიან;
დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია უთანასწორობის მაჩვენებლის შესამცირებლად (ჯინის კოეფიციენტი);
დიდი პრევენციაა სოციალური მღელვარებისა, რომელიც ჩემი აზრით, გარდაუვალი იქნებოდა იმის გამო, რომ გადამხდელუუნარო მსესხებლების რაოდენობა საგანგაშო ნიშნულს აღწევდა და ეს აუცილებლად მიგვიყვანდა იქამდე, რომ ერთ დღესაც ეს ხალხი გარეთ გამოვიდოდა მათთვის დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, ამას კი, რომელიმე პოლიტიკური პარტია სათავისო მიზნისთვის გამოიყენებდა და ისევ აქციები, ისევ არეულობა ძალიან აზიანებს ჩვენს საინვესტიციო გარემოს;
დასასრულს, რა თქმა უნდა, კარგია, რომ ეს არის კერძო ფული და არა ქვეყნის ბიუჯეტის!”, -წერს შოთა გულბანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები