ნინო ლომჯარია: მოსამართლეთა ეს სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული

ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსამართლეთა ნომინირების პროცესი როგორც წარიმართა უზენაეს სასამართლოში, ნამდვილად შეუსაბამო იყო კონსტიტუციასთან, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
სახალხო დამცველი თვლის, რომ მოსამართლეთა არსებული სია, რომელიც პარლამენტშია წარდგენილი, არ უნდა იყოს განხილული.
“ვფიქრობ, რომ მოსამართლეთა ეს სია, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, არ უნდა იყოს განხილული. რამდენიმე პრობლემას ვხედავთ. რა თქმა უნდა, პროცესის გამჭვირვალობა არის პრობლემატური. გარდა ამისა, მიგვაჩნია, რომ ყველა პირს, რომელიც თვლის, რომ აქვს სათანადო გამოცდილება და კვალიფიკაცია, უნდა შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს მსგავს კონკურსში და გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
დღეს, არსებულ პრობლემამდე მივედით იქიდან გამომდინარე, რომ წლების განმავლობაში არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რაზეც ვსაუბრობდით. ეს არის შედეგი იმ პრობლემისა, რაც არის ძალიან დიდი ძალაუფლების კონცენტრაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში”, – აცხადებს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ არამხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობით უნდა ხდებოდეს კანდიდატების ნომინირება, არამედ პროცესში უნდა მონაწილეობდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც უმცირესობაში არიან და მათ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატებსაც უნდა შეეძლოთ, წარდგენილნი იყვნენ პარლამენტში განსახილველად.
მისივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობდეს ყველა ის პირი და ორგანიზაცია, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება აქვს.
ლომჯარია აცხადებს, რომ ის, როგორც სახალხო დამცველი, მზადაა ჩაერთოს პროცესში და წარმოადგინოს კონკრეტული ხედვა.
“მეც, როგორც სახალხო დამცველი, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო ამ პროცესში და ჩვენ გვექნება ჩვენი კონკრეტული ხედვა. ჩვენ უკვე მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ჩაგვრთოს ამ ჯგუფში,” – აღნიშნა სახალხო დამცველმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები