ეროვნულ გალერეაში ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) 60-ზე მეტი ფერწერული ნამუშევარი პირველად გამოიფინება

23 იანვარს, 17:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა  ფელიქს ვარლამიშვილის (ვარლა) გამოფენის გახსნას და მისი პირველი ალბომის წარდგენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, ფართო საზოგადოება პირველად იხილავს ავტორის 60-ზე მეტ ფერწერულ ნამუშევარის საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და კერძო კოლექციებიდან.
ფელიქს ვარლამიშვილი (ვარლა) მე-20 საუკუნის ოციან წლებში საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი მხატვარი.
დაიბადა ქუთაისში 1903 წელს, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1928 წელს კი გაემგზავრა საფრანგეთში. მთელი ცხოვრების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა იმ პერიოდისათვის ცნობილ გამოფენებსა და სალონებზე, როგორც საფრანგეთში, ასევე სხვა მრავალ ქვეყანაში: არგენტინა, ბელგია, იაპონია, აშშ, ირანი.
ვარლა გარდაიცვალა 1986 წლის 6 თებერვალს პარიზში. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი დაწვეს და ფერფლი ლევილის ქართველთა სასაფლაოზე დაკრძალეს.
ფელიქს ვარლამიშვილის ანდერძის თანახმად, მხატვრის მეუღლემ, ზირე ბინდერმა მისი ათი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს გადასცა. ფელიქს ვარლამიშვილის პერსონალური გამოფენა კი 1987 წელს თბილისსა და ქუთაისში გაიმართა. „ყველა ჩემს სურათს საქართველოს სიყვარულით ვხატავდი და ამის საფუძველზე შევქმენი საკუთარი მხატვრული სტილი“, – ამბობდა ვარლა. მისი შემოქმედება საინტერესოა, როგორც ქართულ ტრადიციაზე აღმოცენებული ევროპული კულტურული ფენომენი.
როგორც ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ქეთევან კინწურაშვილი წერს, პარიზში ის  წარმოსახვით ხატავდა საქართველოს. ეს ყოველივე უკავშირდებოდა ქუთაისს, თბილისს, ახალციხეს, – სადაც ვარლა იზრდებოდა. მისი ნამუშევრები განყენებულია, არ აღწერს კონკრეტულ პეიზაჟს ან კონკრეტულ სახეებს. „ეს ყოველივე პოეზიასავითაა, რომელიც ეძღვნება მის გონებაში აღბეჭდილ სურათებს საქართველოდან“. ნაღველი, სევდა მუდამ თან სდევს მის ნამუშევრებს…
დღეს   მხატვრის შემოქმედება უფრო მეტად აქტუალური ხდება და  სხვადასხვა აუქციონზე მისი  ნამუშევრებით უკვე მრავალი კოლექციონერი ინტერესდება.

გამოფენა 24 თებერვლის ჩათვლით გასტანს.
ორგანიზატორები: გალერეა „შარდენი“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები