„ეროსის კონცეფცია „ფაუსტში“, ფაუსტის სულის ცადამაღლება და ხსნა“ – ლექცია გაიმართება
21 იანვარს, 16 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, თსუ ასოცირებული პროფესორი კონსტანტინე ბრეგაძე წაიკითხავს ლექციას – „ეროსის კონცეფცია „ფაუსტში“, ფაუსტის სულის ცადამაღლება და ხსნა“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონსტანტინე ბრეგაძე გოეთეს ტრაგედია „ფაუსტის“ შესახებ IV ლექციას წაიკითხავს.
„სიყვარულის კონცეფცია „ფაუსტში“ უპირატესად პლატონის ეროსის კონცეფციას ეყრდნობა, რომელიც პლატონმა გადმოსცა თავის „ნადიმში“, სადაც ეროსი გვევლინება შემეცნებით გონით-სულიერ ძალად, რომლის წყალობითაც შესაძლებელია მარადიული ღვთაებრივი მშვენიერი იდეების უსასრულო ჭვრეტა და მათით ნეტარება. „ფაუსტში“ ამ მარადიული მშვენიერი იდეების სიმბოლური განსახიერებაა ტროელი ელენე (იხ. მეორე ნაწილი, მესამე მოქმედება), ხოლო გოეთესეული მარად-ქალურის („das Ewig-Weibliche“) კონცეპტი ამ ღვთაებრივი იდეების საუფლოდ უნდა წარმოვიდგინოთ. თავად მარად-ქალურის კონცეპტი გოეთემ გნოსტიკურ-სოფიოლოგიური მოძღვრებებიდან აიღო.
ფაუსტის სულის ცადამაღლება და მარად-ქალურის წიაღში შეყვანით მისი სულის ხსნა „თეორიულად“ ეყრდნობა ადერული ქრისტიანობის ეკლესიის მამის, შემდგომ ეკლესიის მიერ მწვალებლად გამოცხადებულ ორიგენეს მოძღვრებას „აპოკატასტაზის“-ის შესახებ, რომლის მიხედვითაც ყოველივე რაც მამისაგან გამოვალს, აუცილებლობითვე მამისავე წიაღში ბრუნდება“, – აღნიუშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მის.: ლ. გუდიაშვილის 7, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზი.