“არ შეიძლება მართლმადიდებლური ქვეყნის, უკრაინის მიმართ განხორციელდეს აგრესია და ჩვენ არ ვიყოთ სოლიდარულები”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ ბუნებრივი და ლოგიკური პროცესები ვითარდება.
მისივე განმარტებით, ამ საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია პოლიტიკოსების შესაფასებელი არ არის.
„ეს არის ბუნებრივი პროცესი, რომელიც გამოიწვია რუსეთის აგრესიამ და მისმა საოკუპაციო პოლიტიკამ უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენც რომ ვყოფილიყავით რუსეთის ეკლესიის ნაწილი, ბუნებრივია, ასეთი პროცესების შემდეგ, ჩვენც ცალსახა პოზიცია გვექნებოდა. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია გაცილებით ძველია და მისი ავტოკეფალია აბსოლუტურად კანონზომიერია. შესაბამისად, უკრაინამაც მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც ამ შემთხვევაში ბუნებრივი იყო. რაც შეეხება საპატრიარქოს პოზიციას, მე ნამდვილად არ ვაპირებ მისი პოზიციის შეფასებას. არა მგონია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ეს სწორი იყოს. ჩემს პოზიციას კი ცალსახად ვაფასებ – მივესალმები ამ პროცესებს. მიმაჩნია, რომ ეს არის ობიექტური და ლოგიკური პროცესი.
მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, მსოფლიოში ყველა მართლმადიდებელი ვიყოთ ერთიანი, ვინაიდან საერთო ღირებულებები და რწმენა გაგვაჩნია, ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არ შეიძლება მართლმადიდებლური ქვეყნის მიმართ განხორციელდეს აგრესია და არ შეიძლება, არ ვიყოთ სოლიდარულები უკრაინელ ხალხთან“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები