ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სიფა-ს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წარმომადგენლებს შეხვდა.
„დღეს პარლამენტში და არა მხოლოდ საქართველოს პარლამენტში, ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ შემდეგი მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის მომავალი როგორი იქნება და ამ მომავალს ნამდვილად განსაზღვრავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც პარლამენტმა ძალიან მალე უნდა მიიღოს. თავისთავად საკითხი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია, ვინაიდან სასამართლოს დამოუკიდებლობა ქვეყნის ყველა მოქალაქეს ეხება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრაზე.
მისი თქმით, პარლამენტს საგაზაფხულო სესიისთვის მზად უნდა ჰქონდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კრიტერიუმებს და შერჩევის პროცესს. მისივე თქმით, კოლეგებთან ერთად დაწყებული აქვს მუშაობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე.
შემდეგ მან სიფა-ს წარმომადგენლებს გააცნო პოზიცია და ხედვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დაკომპლექტების პროცედურასა და კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მათგანაც მოისმინა მოსაზრებები.
„შეხვედრა ნამდვილად ნაყოფიერი იყო. ვისაუბრეთ იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რის საფუძველზეც უნდა მომზადდეს კრიტერიუმები, რომლითაც უნდა განისაზღვროს თუ ვინ შეიძლება იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ შერჩეული როგორც კანდიდატი. იურიდიული ფირმების ასოციაციას დიდი გამოცდილება აქვს სასამართლოსთან პრაქტიკული საქმიანობის და მათი სურვილია ჩართული იყვნენ ამ პროცესში. მათ გამოხატეს სრული მხარდაჭერა იმ პროცესის მიმართ, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და ასევე მზად არიან, რომ აქტიურად ჩაერთონ სამუშაო პროცესში, რომელიც ეხება რეფორმის საკითხს, მათ შორის, კრიტერიუმების შემუშავებას. შევთანხმდით, რომ გვექნება ყოველდღიური კონტაქტი, ყოველდღიური სამუშაო პროცესი. ისინი მოგვაწვდიან თავიანთ მოსაზრებებს და ერთიანი, შეჯერებული ვერსია გვექნება საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ეკა ბესელიამ.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები გედევან ფოფხაძე და ლევან კობერიძე.
ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებთან შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები