“ქალს სახლში საყვარელი ჰყავდა და ქმარს კარს არ უღებდა”-რას ყვებიან მაშველები

“ჩვენი გმირი”, – ამ სიტყვებით ხშირად მიმართავენ 30 წლის მაშველს, პაატა ჩხიტუნიძეს. იგი 12 წელზე მეტია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუშაობს და პროფესიონალიზმით, თავდადებითა და საქმისადმი ერთგულებით, ბევრჯერ დაამახსოვრა საზოგადოებას თავი. 18 წლის იყო, ამ სისტემაში მუშაობა რომ დაიწყო, მას მერე ბევრჯერ ურთულეს სიტუაციაში აღმოჩენილა, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ბევრჯერ რისკზეც წასულა.
როგორც თავად ამბობს, ძალიან მოსწონს თავისი საქმე. ბედნიერი მაშინაა, როცა სხვას ეხმარება და საფრთხისგან იხსნის. პაატას ამ წლების მანძილზე არაერთხელ მიუღია მადლობის სიგელი და ჯილდოები. წელსაც, ფონიჭალის ტრაგედიის შემდეგ, პრემიერმა პირადად გადაუხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის.
პაატა ჩხიტუნიძე:
– 2006 წელს დავიწყე სამაშველო სამსახურში მუშაობა, 18 წლის ვიყავი, პარალელურად იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. ჩემი ახლობელი მუშაობდა და ვიცოდი, აქ რა სიტუაციაც იყო. იმდენად გამიტაცა ამ საქმემ, რომ ვეღარ დავანებე თავი. რომ ჩაერთვები, ძნელია თავი დაანებო. შეიძლება ითქვას, რომ ამ სამსახურში ჩამოვყალიბდი ადამიანად. თავიდან იმდენად გააზრებული არ მქონდა ის სირთულე, რაც შემხვდებოდა, მაგრამ როცა მომიწია სხვადასხვა სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობამ, კარგად გავიაზრე, რასაც ვაკეთებდი, რასაც ვემსახურებოდით და ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როცა ადამიანებს ეხმარები.
ამაზე დიდი საქმე მართლა არაფერია. როცა ყველაფერი კარგად სრულდება, მაშინ ყველაზე მაგრად გრძნობ თავს.
– პირველი სამაშველო ოპერაცია გახსოვს?
– თავიდან ელემენტარულ გამოძახებაზე დავდიოდი. ემოციურად ყველაზე რთული 2006 წელს, კაიროს ქუჩაზე ჟანგბადის ბალონების აფეთქება იყო. 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ემოციურად ძალიან მძიმე იყო, ეს იყო პირველი შეხება გარდაცვლილის სხეულის ნაწილებთან. თავიდან ვერ ვიპოვეთ ვერაფერი, ვეძებეთ და მერე აღმოვაჩინეთ დანაწევრებული ადამიანის სხეულის ნაწილები. მერე წლებთან ერთად, გამოცდილებასთან ერთად ვისწავლე ემოციების მართვაც. ამ წლების მანძილზე ბევრი რთული შემთხვევა ყოფილა, რომელიც ჩემს მეხსიერებაში დარჩა. 13 ივნისის სტიქია – ყველასთვის მძიმე დღე. ძალიან რთული იყო ემოციურად. როცა მუშაობ, მაშინ შენს თავზე არ ფიქრობ, მაგრამ როცა ამთავრებ მუშაობას, ფორმას გამოიცვლი და რჩები საკუთარ თავთან, უფრო ცივი გონებით აანალიზებ ყველაფერს და ხვდები, რამდენად რთულია. როცა ადგილზე ხარ და მუშაობ, ნაკლებად ფიქრობ საფრთხეზე, ცდილობ, რომ როგორმე დაეხმარო ადამიანს და სხვისი სიცოცხლე გადაარჩინო, ვიღაცას მდგომარეობა შეუმსუბუქო.
– ბუნებრივია, ყველა სამაშველო ოპერაციაზე გასვლა მაშველისთვის საფრთხის შემცველია. თქვენი ოჯახი როგორ შეხვდა თქვენს არჩეულ პროფესიას?
– როგორიც იყო თავიდან მშობლების განწყობა, დღესაც ასეა, ამბობენ, რომ ძალიან რთულია, კარგად აანალიზებენ ამ ყველაფერს. ხედავენ, რა სიტუაციაში მიწევს მუშაობა და ნერვიულობენ. მე ვარ სამაშველო ჯგუფის უფროსი მთაწმინდა-კრწანისის რაიონში და როცა გავდივართ, ვანაწილებთ, ვინ რა უნდა გააკეთოს. როცა გვერდში გყავს ადამიანები, რომლებთან ერთადაც მუშაობ და სიცოცხლეს ანდობ, ეს ძალიან მაგარია. მეგობრული და ვაჟკაცური სამსახურია, ასეთი ურთიერთობა რომ არ იყოს, ვერავის გადაარჩენ.
– წელს რომელ შემთხვევას გამოარჩევდით?
– წელს ყველაზე მძიმე ფონიჭალაში მომხდარი აფეთქება იყო. რაც ხდებოდა ადგილზე, ყველამ კარგად იცის – რამდენიმე სართული იყო ჩამონგრეული. ხალხის ევაკუაცია ჩვენმა მეხანძრე-მაშველებმა მისვლისთანავე დაიწყეს. გამოვიყვანეთ დაშავებულები. ამის შემდეგ კი დაიწყო ყველაზე რთული პროცესი. გვქონდა ინფორმაცია, რომ მეორე სართულზე დედა-შვილი იმყოფებოდნენ. ამ სართულზე კედელი ჩამოწოლილი იყო და შენობის ჩამონგრევის რეალური საფრთხე არსებობდა, ამიტომ კედლების გამაგრებასა და სამაშველო ღონისძიებებს დაახლოებით 5-6 საათი დასჭირდა. სამწუხაროდ, ადგილზე ახალგაზრდა ქალბატონისა და მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ვიპოვეთ. ეს შემთხვევა ემოციურად, ალბათ, ყველაზე რთული იყო ჩემთვის და არასდროს დამავიწყდება. საშინელი გრძნობაა, როცა იბრძვი ადამიანის გადასარჩენად, ბოლო წუთამდე ფიქრობ, რომ ცოცხალს მიაგნებ და დაეხმარები, თუმცა იმედი გიცრუვდება. რთული და უფრო მეტად საპასუხისმგებლოა მეხანძრე-მაშველის პროფესია, რადგან ხშირად ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ერთი მაშველი არასდროს შედის ნანგრევებში, ერთი მეხანძრე არასდროს შედის ხანძარში, ყოველთვის ორნი შევდივართ, რადგან როცა ერთი რთულ საქმეს აკეთებს, მეორე მას იცავს და მასზეა დამოკიდებული თანამშრომლის სიცოცხლე. რა თქმა უნდა, საფრთხის შემცველია ჩვენი სამსახური, თუმცა იმ ემოციად, რასაც მოქალაქეები გამოხატავენ ჩვენ მიმართ, ნამდვილად ღირს რისკი. ყოველდღიური შემთხვევების დროსაც, როცა თუნდაც სახლის კარის გაღებაა საჭირო, გვიწევს სიმაღლიდან თოკებით ჩასვლა. ამ საფრთხეს ანეიტრალებს და გაძლევს სტიმულს ის, რომ გქვია მეხანძრე-მაშველი, გაცვია ფორმა და უშუალოდ მოვალეობის შესრულების დროს, სირთულეზე არც ფიქრობ.
– თვითმკვლელობის მცდელობის დროს ხომ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ადამიანი ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, შველას გთხოვს?
– ბევრჯერ ყოფილა, სუიციდის დროს ადამიანს თავად დაურეკავს 112-ში და მიუწოდებია ინფორმაცია, კაცი ამა და ამ ადგილას დგას და თავს იკლავს ან წყალში ხტებაო. ჩვენ მაშინვე გავდივართ გამოძახებაზე. თან გზადაგზა ვცდილობთ, მეტი ინფორმაცია მოვიპოვოთ, რომ შემთხვევის ადგილზე მისულები უფრო მომზადებულები ვიყოთ. შემოვიდა შეტყობინება, მოქალაქე ხტება მტკვარში ხიდიდანო. მივდივართ შემთხვევის ადგილისკენ და როგორც წესი, გვაქვს ასეთ დროს იმის საკონტაქტო ნომერი, ვინც გვაწვდის 112-ში ინფორმაციას. ვრეკავ იმ ნომერზე, საიდანაც შეტყობინება შემოვიდა და ვეკითხები, ბატონო, აბა დეტალურად გვიამბე, ახლა რა სიტუაციაა, ვინ ხტება ხიდიდან? – მე ვხტები კაცო, – იყო იქიდან პასუხი. აღმოჩნდა, რომ თავად დარეკა სამაშველო სამსახურში. რომ მივედით, იდგა მოაჯირზე და ხელს გვიქნევდა, – მოდით, აქა ვარო. ახალგაზრდა ბიჭი იყო, ცოტა ხანი გვაწვალა, რაღაცები ველაპარაკეთ, მერე გადმოვიყვანეთ უვნებელი. არ გადახტა წყალში, მცდელობა იყო. ასეთ დროს სამაშველოში 5 კაცი ვართ და ვინაწილებთ საქმეს. ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. ერთხელ მეტეხის ხიდიდან გადახტა მოქალაქე, ძალიან მალე მივედით შემთხვევის ადგილზე, სანამ მივიდოდით, მეტეხის ხიდთან არის წყალზე სამაშველო ჯგუფიც, რომელიც კატერით მოძრაობს და იმათ ამოიყვანეს, გადავარჩინეთ ეს ახალგაზრდა კაცი. ამოვიყვანეთ წყლიდან 40 წლამდე მამაკაცი. შემოდგომის პერიოდია, კანკალებდა სიცივისგან, შოკი ჰქონდა და “სასწრაფოც” ადგილზე იყო. ექიმები აქცევდნენ ყურადღებას, სამაშველო და პოლიციაც ჩვენთან იდგა. გვიხაროდა, რომ ადამიანი გადარჩა. ამ დროს ვხედავთ, მეტეხის ხიდიდან მორბის 3 ახალგაზრდა მამაკაცი. დაზარალებული ექიმებმა ააყენეს საკაციდან და უნდა გადაგვეყვანა სხვა ადგილას, დაგვესვა, რომ უფრო კარგად მოსულიერებულიყო და ამ დროს ამ სამიდან ერთი მამაკაცი მივარდა ჩვენს გადარჩენილს, სახეში სილა შემოაწნა, თან მეგრულად უთხრა რაღაც. ყველანი გაოგნებულები ვუყურებთ. პოლიცია უცებ მივარდა და ცდილობს, რეაგირება მოახდინოს. ყველას შესაბამისი რეაქცია გვაქვს. უცებ ვიგებთ იმ მამაკაცის მეგრულად ნათქვამს, – ვინც შენ ამის შემდეგ ჩემს ოჯახში თამადად დაგაყენოს, იმის დედა ვატირეო, შეიგინა მწარედ, მეგრულად. მერე დაიწყო პოლიციასთან ახსნა-განმარტება, თუ რატომ გაულაწუნა ასე მწარედ. სტუმრები მყავდა სახლში, ეს კაცი ჩემი მეზობელია. დავუძახე და თამადად დავაყენე, რამ წამოუარა და რა უნდოდა, არ ვიცი. მითხრა, ცოტა ხნით გავალ, დავრეკავ და მოვალო. გარეთ გამოვიდა. ასე, 10-15 წუთში მობილურზე მომივიდა მესიჯი, – ახლა მტკვართან ვდგავარ, წყალში უნდა გადავხტე, თავს ვიკლავო.
– ყოველდღიური გამოძახებების დროს ალბათ კურიოზული სიტუაციებიც ხდება არა?
– სამაშველო სამსახურში გამოძახებები სირთულეების მიხედვით არის, უბრალო გამოძახება ფაქტობრივად არ ხდება. კარის ჩაკეტვის შემთხვევებშიც გვიწევს ბინებზე გასვლა. თუ ადამიანი არის შიგნით, ვერ აღებს კარს ან არის შეუძლოდ, ასეთ დროს ვიწყებთ მის დახმარებას. ვჩქარობთ მაშინაც, როცა ვიცით, რომ გაზქურაა ჩართული და არის აფეთქების ან ხანძრის გაჩენის საშიშროება. ბინაში შეღწევის დროს გვიწევს სიმაღლიდან დაშვება ზედა სართულებიდან. შესაბამისად, ესეც რისკია, მაგრამ დაზღვეულები ვართ, გავლილი გვაქვს შესაბამისი სწავლება და გვაქვს გამოცდილებაც.
– სახალისო ამბებიც გაიხსენეთ.
– ბევრი ყოფილა ასეთი. ერთ ამბავს მოგიყვებით, ეს კურიოზულიც არის და ალბათ, სატირალიც. სამორიგეოში შემოვიდა შეტყობინება, რომ ბინაში ახალგაზრდა გოგო იყო ჩაკეტილი და დახმარებას ითხოვდნენ. მივედით შემთხვევის ადგილზე, კართან დგას ამ ქალის მეუღლე და შველას ითხოვს. მამაკაცი ძალიან ღელავდა, თურმე მან დარეკა 112-ში. დაიწყო სამაშველო ოპერაცია, მაშველმა ზედა სართულიდან შეაღწია ბინაში და ვხედავ, კარს არ აღებს. ვურეკავ და გაკვირვებული ვეკითხები, რა ხდება? რატომ არ აღებ კარს? კართან ვდგავართ მე და მისი მეუღლე. ჩემი კოლეგა მეუბნება, მიდი, ცოტა გვერდზე გაიწიე, შენთან რაღაც სალაპარაკო მაქვსო. – რა ხდება? ისევ ვეკითხები. აქ, ამ გოგოსთან ერთად ბინაში კაციაო. თურმე ქალს სახლში საყვარელი ჰყავს მოყვანილი და ამიტომ არ უღებდა კარს და ვერც მაშველი აღებდა ამის გამო კარს.
– მაშველის ფორმა ხომ არ ჩააცვით ქალის საყვარელს?
– დიახ, ნამდვილად ჩავაცვით ჩვენი ფორმა და გადავუშვით თოკით აივნიდან და იქიდან გადავაპარეთ. მიწაზე როგორც კი დადგა ფეხი კაცმა, იქიდან ელვის სისწრაფით გაქრა. იქ აღარ გამოჩენილა. ამის მერე მაშველმა გააღო კარი და დასრულდა ოპერაცია. ბოლოს ემოციური შეხვედრაც ვნახეთ, ქმარი ჩაეხუტა თავის ცოლს და უთხრა, – ვაიმე, როგორ ვინერვიულეო. ერთად დავტოვეთ ისინი და წამოვედით ისე, რომ ქმარს არაფერი დაუნახავს და არაფერი გაუგია. კიდევ ერთი შემთხვევა იყო, ქალმა დარეკა 112-ში. შეშფოთებული იძახდა, რომ თითზე ბეჭედი გაეჭედა და ვერ იხსნიდა. გავედით და ვუშველეთ, მოვაძვრეთ საყვარელი ბეჭედი და გახარებული დავტოვეთ სახლში.
– კიდევ გაიხსენებთ რამეს?
– მოქალაქეს თუთიყუში გაექცა სახლიდან, გვატყობინებს, რომ იქვე, კორპუსთან ხეზეა ასული, ვერ ჩამომყავს და დაგვეხმარეთო. მივედით გამოძახებაზე, ვხედავ ხეზე ზის თუთიყუში, ავედი ხეზე და ვცდილობ დავიჭირო. თუთიყუში გამუდმებით იძახდა: შაკო, შაკო, შაკო. უცებ ვეუბნები, მე ვარ შაკო, მოდი ჩემთან. ამ დროს თუთიყუშმა მწარედ შემაგინა. გაოცებულმა შევხედე. მაინც დავიჭირე და პატრონს ჩავაბარე. ერთხელ ოპერაციაზე ვართ, დასრულდა სამაშველო საქმიანობა და იქვე ჩამოვჯექი, ავიღე ტელეფონი, შევედი ინტერნეტში და უცებ მომხვდა თვალში გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი სურათი – გალაკტიონი დიდ წვერში. მოქალაქეს ვაჩვენებ ამ ფოტოს და ვეკითხები, – ამას იცნობ? დიდხანს მიაჩერდა ფოტოს და მერე მეუბნება, ეს კაციც თქვენთან მუშაობსო? სახალისო ეპიზოდიც ბევრია და რთული შემთხვევაც მრავლად არის. მთავარია, რომ ვეხმარებით ადამიანებს. რა შეიძლება იყოს ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებაზე ღირებული?

წყარო: http://gza.kvirispalitra.ge/life/sazogadoeba/6716-thvithmkvleli

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები